მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10.02.2017 • 4066
უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი.

ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და რა ინიციატივები ექნება ახლა? – მომავალი დეპუტატი ამბობს, რომ იგი ძირითადად განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

„პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, ვფიქრობ, რომ იქნება კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ძეგლის სტატუსის მატარებელ სახლებში, არ აქვთ უფლება შეაკეთონ სახლი. მე არ ვამბობ, რომ უნდა დაირღვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი, მაგრამ უნდა მოხდეს მისი გამაგრება და თუ სახელმწიფო იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს მის გამაგრებაზე, გამყარებაზე ან უნდა შეიქმნას კონკრეტული ჯგუფი და მიეცეს ამ ძეგლში მცხოვრებლებს საშუალება, შეასრულონ ეს სამუშაოები ისე, რომ არ დაირღვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი.

გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, ეს შემდეგ უნდა გადაეგზავნოს პარლამენტს. ადგილზე ჩვენი ხუთი ხმა ამისთვის არ კმარა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვეცდები, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნო, მცდელობა ყოველთვის შეიძლება, თუ თავიდანვე არ დაბლოკავენ.  2012 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში ჩემი პირველი ინიციატივა ეხებოდა იმას, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნის უფლება ჰქონოდა აჭარის განათლების სამინისტროს, მაგრამ პირველივე ბიუროდან იქნა ჩახსნილი, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და გამოვიტანე.“

კითხვაზე, რატომ არ დააყენა აღნიშნული საკითხები განსახილველად წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე ინიციატივის განხორციელება შეძლო კულტურულ მემკვიდრეობასთან და ზოგად განათლებასთან დაკავშირებით.  მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად 2008 წლის მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში აჭარის მთავრობას გადმოეცა სამართავად გონიოს და პეტრას ციხეები, რომელიც მანამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  დაქვემდებარებაში იყო და ცვლილება შევიდა კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“, რის შედეგადაც საჯარო სკოლა აჭარის ტერიტორიაზე ქონებას განკარგავს აჭარის განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე.   ასმათ დიასამიძეს სულ შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა უმაღლეს საბჭოში.  2008 წლის მოწვევვის უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძე ხელმძღვანელობდა განათლების კომისიას, 2012 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი ამ კომისიის წევრი იყო.

„ახლაც, ალბათ ვიქნები განათლების კომისიაში და შევეცდები ჩემი გამოცდილება ამ საქმეს მოვახმარო. მე განათლების აკადემიური დოქტორი ვარ და ვფიქრობ, რომ მეცნიერებაში და ზოგად განათლებაში მექნება ინიციატივები,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: