მთავარი,სიახლეები

ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

10.02.2017 • 39864
ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ, შესაძლებელია საქართველოში არსებული იმ ოთხი სკოლა-ლიცეუმების ავტორიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს  დღის წესრიგში, რომლებიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არიან მოქცეულები.  ამ სკოლებს შორის არის ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმიც.

ამ სკოლათაგან ზოგიერთს ავტორიზაციის ვადა მიმდინარე წელს უმთავრდება და ახალი ავტორიზაციის მისაღებად განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ისევ უნდა მიმართონ.

„ბათუმელები“ ამ ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში ჩართული სკოლების – თბილისში, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“, „ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ და თბილისის სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ წარმომადგენლებს ესაუბრა. ისინი არ ადასტურებენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლეს პერიოდში მათი სკოლებსაც შეიძლება გაუუქმონ ავტორიზაცია სხვადასხვა მიზეზით. დირექტორები ამბობენ, რომ მათი სასწავლებლები ავტორიზაციის პირობებს აკმაყოფილებენ და ამასთანავე, ისინი ემიჯნებიან შაჰინის სკოლის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს.

„წელს ჩვენ ვემზადებით ავტორიზაციისთვის, ჯერ განაცხადი არ შეგვიტანია. შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ, გეგმიური მონიტორინგი შემოვა სკოლაში. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ერთი თვის განმავლობაში მივმართავთ ავტორიზაციის საბჭოს“, – ამბობს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი ნინო კავთიაშვილი.

დირექტორის თქმით, ავტორიზაციის მანძილზე სკოლას არ ჰქონია რაიმე ტიპის შენიშვნა მიღებული ავტორიზაციის საბჭოსგან და არც არაგეგმიური მონიტორინგი განხორციელებულა.

„მე გავემიჯნები პოლიტიკას, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, გვყავს იურისტი, რომელიც მუშაობს დოკუმენტაციაზე განათლების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ასე, რომ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას“, – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, კოლეჯი თვითდაფინანსებაზეა.

„ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ წარმომადგენელი ქეთი მაწკეპლაძეც ამბობს, რომ სკოლა საკუთარი შემოსავლებით ფინანსდება და დოკუმენტაციაც წესრიგში აქვთ: „ჩვენ ორი კვირის წინ გვყავდა მონიტორინგის სამსახური, ავტორიზაცია ხუთი წლის წინ გავიარეთ და, შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს უფლება ჰქონდა შემოსულიყო. გუშინ მოვიდა მონიტორინგის დასკვა, რომელიც არის დადებითი, პრობლემები არ გვაქვს და ველობით როდის დაგვიძახებენ სამინისტროში“.

ხელახალ ავტორიზაციამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი მარნეულში არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც, თუმცა როგორც დირექტორის მოადგილე, ქეთევან ჭანტურია გვეუბნება, მონიტორინგის საბჭო სკოლაში გაურფთხილებლად მაინც შევიდა.

„ჩვენს სკოლას 2018 წლის თებერვალში უწევს ავტორიზაციის ხელმეორედ გავლა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფი 24 იანვარს მაინც შემოვიდა შესამოწმებლად. ჩვენ პოლიტიკისგან შორს ვართ, ჩავაბარებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ყველანაირად ვემზადებით და ვნახოთ რა იქნება. წინასაწარ ვერაფერს გეტყვით“-გვეუბნება ის.

ქეთევან ჭანტურიას თქმით, მონიტორინგის შედეგები სკოლას ჯერ არ მიუღია, „შესაბამისად, არ ვიცით აქვთ თუ არა რაიმე შენიშვნები“.

თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივის“ წარმომადგენელმა კი  გვითხრა, რომ სკოლა-ლიცეუმმა ავტორიზაცია 2016 წლის ზაფხულში  უპრობლემოდ გაიარა.

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს  ავტორიზაციის საბჭომ 2017 წლის 3 თებერვალს გაუუქმა ავტორიზაცია. სკოლაში მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სკოლების შექმნა უკავშირდება ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გიულენს. თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სწორედ ფეტულა გიულენი დაასახელა თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად. თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის გადაცემა მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაზედაც უარი მიიღო. გადატრიალების მცდელობიდან მალევე თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა გიულენთან დაკავშირებული სკოლების გაუქმება. სწორედ იმ პერიოდში თურქეთის კონსულმა ბათუმში განაცხადა, რომ შაჰინის „სკოლაში ტერორისტებს ზრდიან“. სკოლები გაუქმეს მეზობელ აზერბაიჯანში.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა  2015 წლის შემოდგომაზე ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით მიიღო.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: