როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი საქმე განიხილა, სადაც ბრალდებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ. სამივე შემთხვევაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ციხეში ამის გამო სასჯელს არავინ იხდის. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი [სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან] თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე.

„სრულწლოვანმა ს.ა.-მ წინასწარ შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველ მ.ც.-თან დაამყარა სექსუალური კავშირი“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ყველა მონაწილის, მათ შორის, ადვოკატისა და პროკურორის სახელი და გვარი დაფარულია. საქმიდან მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო და მან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადა შეუფარდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით ისარგებლა, რომელიც მოსამართლეს კანონით გათვალისწინებულთან შედარებით, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება ფორმდება და დამნაშავე „ნანობს ჩადენილ დანაშაულს“.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის საქმეზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს მიუღია. ამ შემთხვევაში, ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან 16 წელს მიუღწეველი გოგო ცოლად შეირთო, თუმცა ვიდრე ის 16-ის არ გახდებოდა, მასთან სამი თვის განმავლობაში სექსი არ ჰქონია. მსჯავრდებულს აქაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს.

ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ვინმე ა.ა.-ს შეუფარდა. სასამართლოდან მიღებული საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულს 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სამი თვის განმავლობაში სექსუალური კონტაქტი არაერთხელ ჰქონდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოსამართლემ პირი მხოლოდ ერთი წლით დატოვა პატიმრობაში, 4 წელი კი თავისუფლების აღკვეთა პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ამჟამად ორი საქმე განიხილება, სადაც სხვადასხვა პირს არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარება ედება ბრალად.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა დანაშაულის გამო 221 პირი გასამართლდა. მათგან 189 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა.


ამავე თემაზე:

რატომ ვერ ამხელენ ბავშვები სქესობრივი ძალადობის ფაქტებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი