სიახლეები

169 განაცხადი – კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

01.07.2013 • 1625
169 განაცხადი – კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 1 ივლისის სამუშაო დღის ბოლოს, „წამყვანი-რეპორტიორის პოზიციაზე 54 განცხადებაა შესული; რეპორტიორის პოზიციაზე – 52; თოქ-შოუს წამყვანობა 32 კონკურსანტს სურს; პროდიუსერობა – 31-ს. მინიმუმ 120 განცხადება თბილისიდან არის შემოსული“.

 

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის, სოსო სტურუას თქმით, არც ერთი განცხადება არ ეკუთვნის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს. ისინი კონკურსში მონაწილეობას არ აპირებენ. თუმცა კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანეს რადიოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა.

 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს „მთავარი დღეს“ წამყვანი ნათია კირცხალია ამბობს, რომ კოლეგების მსგავსად, არ აპირებს განაცხადის შეტანას.

 

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის კონკურსი კონკურსისთვის.  ამ კონკურსის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ, გარდა ერთი მოტივაციისა, თუ ვთქვათ, ვიღაც უნდა გაუშვან სამსახურიდან.  შეიძლება არ არის კონკრეტულად ჩემზე საუბარი მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის ამ შემთხვევაში. ჩემი  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემა გაიტანეს ვაკანსიაზე, როცა მე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ ამ გადაცემაზე, ვაკეთებ ჩვეულებრივ.  რომელსაც არ დაუმსახურებია არც შენიშვნა, არც პრეტენზია, არც მაყურებლისგან არც ხელმძღვანელობისგან. საყვედურის მსგავსი არაფერი ყოფილა რომ რაღაც ეჭვქვეშ დამდგარიყო, არც დოკუმენტი არსებობს, რომ საყვედური გამოეცხადებინათ, რის საფუძველზეც შეიძლებოდა რომ გატანილიყო?!“ – ამბობს ნათია კირცხალია.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში შესარჩევი კონკურსი 17 ივნისს გამოცხადდა. ტელევიზიის ხელმძღვანელის სოსო სტურუას განცხადებით, უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს საკონკურსო კომისიას. 

 

„კომისიის თავმჯდომარე დანიშნულია და სწორედ ის შეარჩევს საკონკურსო კომისიის წევრებს.  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელია კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მაქვს უფლება, რომ არ განვაცხადო ზუსტი ვინაობა,“ – უთხრა სოსო სტურუამ „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, საკონკურსო კომისიას თინათინ დვალიშვილი ხელმძღვანელობს.

 

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თქმით, მან საკონკურსო კომისიაში ჩართვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძესაც სთხოვა, თუმცა ქარტიამ გასულ კვირას უარი განაცხადა კონკურსში ჩართვაზე იმ მოტივით, რომ  ქარტია თავად აკვირდება მედიასაშუალებებს, პერიოდულად კი ატარებს მედიის, მათ შორის ტელეარხების მონიტორინგს.

 

„ამასთან, იმის გამო, რომ ქარტია იღებს მოქალაქეთა განცხადებებს სხვადასხვა მედიასაშუალების პროდუქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ ტელემედიაში ჟურნალისტების შერჩევა შესაძლოა იქცეს მათ მიმართ განცხადების მიღების შემაფერხებელ გარემოებად და ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ალბათობას,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

 

კითხვაზე, რა აუცილებლობით იყო განპირობებული კონკურსის გამოცხადება, სოსოს სტურუა პასუხობს:  „სანამ დავინიშნებოდი დირექტორად, დანიშვნამდეც ღიად ვაცხადებდი ინტერვიუებში, რომ კონკურსები იყო მიზანშეწონილი. ამის განხორცილება დანიშვნის დღიდან დავიწყე. რაც შეეხება სტატუსის შეცვლას, სტატუსის შეცვლა კონკურსის ჩატარებას არ ითვალისწინებს. კონკურსის ჩატარება დამოკიდებულია მხოლოდ ტელევიზიის ხელმძღვანელზე“.

 

რა ელის იმ თანამშრომლებს, ვინც არ აპირებს კონკურსში მონაწილეობას? სოსო სტურუას თქმით, ის ჯერ კომისიის გადაწყვეტილებას ელის.

 

„ვინც არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, ბუნებრივია, კომისია ვერ გააკეთებს დასკვნას, რომ ისეთ პიროვნებებს გაუფორმდეს კონტრაქტი. მე ვალდებული ვარ კომისიის გადაწყვეტილებას დავემორჩილო, ანუ  როგორც კი გამოცხადდება კონკურსის შედეგები, იმ კონტრაქტების ვადა, რომელიც ახლა მოქმედებს, ამოიწურება. ამის შემდეგ კომისია გადმომცემს მე იმ პერსონების სიას, რომელსაც უნდა გავუფორმო კონტრაქტი. მე უნდა დავემორჩილო კომისიის გადაწყვეტილებას, მაგრამ შემიძლია, იმათ გარდა  ვისაც კომისია წარმომიდგენს დამატებით, თუ მექნა თანხა და საშუალება, სხვადასხვა  პოზიციაზე  გავუფორმო სხვასაც კონტრაქტი,“ – აცხადებს სოსო სტურუა.

 

P.S. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისის სამუშაო დღის ბოლოს კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებები შეტანილი აქვთ ტარიელ ცეცხლაძეს, ნინო ცხვარაძეს, ნონა დიასამიძეს, ზურაბ ბაუჟაძეს, ცოტნე ანანიძეს, ნინო ჩიტაიშვილს, გიორგი წულაიას, ფირუზ ბოლქვაძეს, გიორგი სურმანიძეს, ნინო კვირიკაძეს, თენგიზ აფხაზავას, დიანა სალაყაიას.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისს, დღის ბოლოს  კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების შეტანა დაიწყეს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: