სიახლეები

რა არის შესაცვლელი სკოლაში

04.06.2013 • 2611
რა არის შესაცვლელი სკოლაში

იანა ჩადუნელი რვა წელია რაც სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. იგი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანი ამ ხნის განმავლობაში იყოს მოვალეობის შემსრულებელი, „მაგრამ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა რეფორმას და ეს ამით იყო განპირობებული“. სკოლის დირექტორობისთვის საჭირო გამოცდები რვა წლის წინ ჩააბარა და არჩევნებზე სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა, სამინისტროში გასაუბრებაზე აღარ დაუბარებიათ, რადგან, როგორც დირექტორი ამბობს, ის და კიდევ რამდენიმე დირექტორი, სიიდან ამოღეს.

იანა ჩადუნელი

„იყო თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ვერ გეტყვით, რადგან მე არ ვიყავი რომელიმე პარტიის წევრი. არც მიზეზები გამირკვევია, რადგან სტრესის ქვეშ ვიყავი“ _ ამბობს იანა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, განათლების სამინისტრომ მე-3 საჯარო სკოლას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. ის მაშინდელი მმართველი პარტიის _ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ასმათ დიასამიძე იყო, თუმცა, სამეურვეო საბჭომ სამინისტროს შეთავაზება არ მიიღო. „ამის შემდეგ სამინისტრო იძულებული გახდა, მოვალეობის შემსრულებლად ისევ მე დავენიშნე. ამ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, სამინისტროს მხრიდან სკოლის სხვა პროცესებში ჩარევა აღარ მიგრძვნია. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელი ვარ“.

ცხრა ივნისს სკოლებში ახალი სამეურვეო საბჭოები აირჩევა, სექტემბერში კი სკოლის დირექტორების არჩევნები უნდა დაინიშნოს. იანა ჩადუნელი მიიჩნევს, რომ ის წარმატებული დირექტორია და სკოლის მართვაშიც დამოუკიდებელია: „იმედი მაქვს, სკოლა კიდევ გამომიცხადებს ნდობას. კარგია, როცა კონკურენცია არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკურენტები არ მყავს. იმედი მაქვს, სამინისტროს მხრიდან აღარ მოხდება ჩარევა და არჩევნები იქნება თავისუფალი“. ჩადუნელის აზრით, სამეურვეო საბჭოს ნება საკმარისია და სამინისტროს მხრიდან გასაუბრება ზედმეტი ბარიერია.

დირექტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სკოლის ადმინისტრაცია სამინისტროს ჩარევისგან თავისუფალია. თუმცა იგი იხსენებს გასულ წელს დაფიქსირებულ ფაქტს, როცა საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლებში რუსული სექტორების გაუქმება მოითხოვა: „დირექტორები დაგვიბარა და მოითხოვა, ბავშვები აღარ მიგვეღო პირველ კლასში, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდი იყო.“ დირექტორის აზრით, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „წელს უკვე შეიცვალა სიტუაცია და რუსულ სექტორზე 180 პირველკლასელი მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ სამინისტრო სახელმძღვანელოებითაც მოგვამარაგებს, რაც ყოველთვის ჭირდა“.

დირექტორი სკოლის საქმეში ჩარევად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, როცა სკოლებში სახელმძღვანელოების გაყიდვა დაიწყეს: „იყო საშინელი რიგები, ხმაური და მოზღვავებულმა ხალხმა კარები შემოამტვრია“.

იანა ჩადუნელის აზრით, სკოლა პოლიტიკისგან იმ შემთხვევაშია თავისუფალი, თუ არსებობს ხელისუფლების ნება. „თუმცა, შიდა საკითხებში, როგორიცაა პედაგოგების დანიშვნა ან გათავისუფლება, სამინისტრო არ ერევა. თანხასაც სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ვხარჯავთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლის საჭიროებებს რაციონალურად მოხმარდეს“.

დირექტორის თქმით, სკოლების დაფინანსების საკითხი იმ შემთხვევაშია პრობლემატური, თუ სკოლა ნაკლებ კონტინგენტიანია: „მე 900 მოსწავლე მყავს. რუსული სექტორის შემდეგ კიდევ გაიზრდება ვაუჩერული დაფინანსება, მაგრამ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გაფართოება ან სერიოზული კაპიტალური ხარჯები, სკოლის ბიუჯეტი ვერ წვდება“.

მე-3 საჯარო სკოლა ყოფილი რუსული ბაზის შენობაშია განთავსებული. დირექტორი ამბობს, რომ შენობა არ არის გათვლილი სკოლაზე, შესაბამისად მას ბევრი ხარვეზი აქვს. „მაგალითად სპორტული დარბაზი მეორე და მესამე სართულებს შორისაა მოქცეული, რაც იწვევს ხმაურს და არაკომფორტულია სასწავლო პროცესის დროს. ეზო გვაძლევს საშუალებას, რომ ფართობი დავამატოთ, გავაკეთოთ კარგი ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასი, რომელიც ახლა ძალიან პატარაა და სპორტული დარბაზიც გადმოვიტანოთ. პროექტი წარვუდგინე განათლების სამინისტროს, თუმცა დაფინანსება ვერ მივიღე“.

იანა ჩადუნელის აზრის, ამ ეტაპზე უპერსპექტივოა სკოლების და ბიზნესის ურთიერთობა. „მქონდა მცდელობა, მაგრამ ბიზნესისთვის უინტერესოა სკოლისთვის ქველმოქმედების გაწევა“. დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად სკოლას ერთადერთი, რაც შეუძლია, ზედმეტი ფართობის გაქირავებაა, რაზეც ნებართვას განათლების და ეკონომიკის სამინისტრო იძლევა. „მშობლების სურვილი იყო და ჩვენიც, რომ სკოლაში უცხო ენების ფასიანი ჯგუფები გაგვეხსნა, თუმცა არც ეს არის საკმარისი იმის გასაკეთებლად, რაც სკოლას სჭირდება განვითარებისთვის“.

გენო გოგიბერიძე მე-5 საჯარო სკოლის დირექტორია. ის ამ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭომ ექვსი წლის წინ აირჩია. ახალ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან კანონით გათვალისწინებულ ასაკობრივ ზღვარს მიუახლოვდა: „65 წლის შევსრულდი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ნორმა არასწორია, თუ დირექტორი წარმატებულია და მას შეუძლია მართვა, ასაკის გამო ბარიერი არ უნდა შეექმნას. ვფიქრობ სამინისტრომ ამ მუხლის გაუქმებაზე უნდა იფიქროს“ _ ამბობს იგი.

გენო გოგიბერიძე ასევე ფიქრობს, რომ სკოლა წინა ხელისუფლების დროს არ იყო თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან, თუმცა ამაში პედაგოგების როლსაც ხედავს: „პედაგოგები მუშაობდნენ პარტიის კოორდინატორებად, აქტივისტები იყვნენ და ამაში ისინი ანაზღაურებას იღებდნენ. რა თქმა უნდა იყვნენ პედაგოგები, რომლებიც არ მიდიოდნენ პარტიულ შეხვედრებსა და აქციებზე, მაგრამ მათზე დევნა არ ხორციელდებოდა. მე პირადად, რამდენჯერმე ვუთხარი უარი, მაგრამ არ მოუხდენიათ ზეწოლა, ალბათ არჩეული დირექტორი რომ ვიყავი, იმიტომ“.

გენო გოგიბერიძის თქმით, სკოლა კანონმდებლობის დონეზე თავისუფალია, თუმცა პოლიტიკური ნების არქონის შემთხვევაში, ის მაინც განიცდის ზეწოლას. „ეს ისეთი საკითხია, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში იჩენს თავს. შაშკინთან ვიყავით შეხვედრაზე როგორც წარმატებული სკოლის დირექტორები, ჩვენი სკოლა წარმატებულია სპორტში. გამარჯობა არ გვითხრა, ისე დაგვიქნია თითი, მაშინვე გაგათავისუფლებთ ყველას, პროგრამა თუ ჩავარდებაო. ასეთი რამ სკოლისთვის მიუღებელია“.

რა არის შესაცვლელი სკოლაში, რაც როგორც დირექტორს ხელს გიშლით სკოლის წარმატებულად მართვაში? _ამ კითხვაზე პასუხად გენო გოგიბერიძე პრობლემის რამდენიმე ასპექტს გამოყოფს.

„დავიწყოთ მთავარით. დაძველდა სწავლების ფორმა, ახალგაზრდებს აღარ სჭირდებათ ყველა საგანი და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდებზე ბარიერი გადალახონ, ფორსმაჟორში უწევთ დიდი მასალის ათვისება, რაც საბოლოოდ მათთვის არაფრის მიმცემია“.

დირექტორის განცხადებით, სკოლა მოსწავლისთვის პრაგმატული გარემო უნდა იყოს, რაც მას დროის ფუჭად ხარჯვისა და ფსიქოლოგიური გადაღლისგან დაიცავს: „მთელი სკოლა რეპეტოტირებთან დარბის, რაც საშინელებაა. რეპეტიტორი არ უნდა ჩაერიოს სასწავლო საქმიანობაში, სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს იმ ცოდნას, რომ დაძლიოს ეროვნული საგამოცდო პროგრამა. ამიტომ, X_XI-XII კლასელები იმას უნდა სწავლობდნენ, რაც მათ მომავალს სჭირდება, რაც მათ გეგმებზეა ორიენტირებული და შედეგიც იქნება“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სკოლაში უნდა შეიცვალოს, გაკვეთილების რაოდენობაა. „სისულელეა მეშვიდე გაკვეთილი. აღარ აინტერესებს ბავშვს, ვეღარ ერევა. დღევანდელი ბავშვი არ არის ჯანმრთელი. ნახეთ სამედიცინო შემოწმებები, რამდენი პრობლემა აქვთ, დაქვეითებული მხედველობა, სმენა, აღქმა… _ ეს გადატვირთული რეჟიმის შედეგია. ამას ემატება მძიმე სოციალური გარემო ოჯახში, ვეღარ იტანს ბავშვის ფსიქიკა ამას. ამიტომ, პროფილური სწავლება არის გამოსავალი მოსწავლეებისთვის, რადგან უკვე თაობები იკარგება“.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ვერ წყვეტს სახელმძღვანელოების საკითხსაც. „ყველა ცდილობს რაც შეიძლება სქელტანიანი წიგნი გამოსცეს, თუმცა თანამედროვე წიგნი ვერ ასწავლის ბავშვებს თხრობას. სახელმძღვანელოები ბლოკნოტის ჩანაწერებს ჰგავს“. დირექტორის თქმით, სამინისტრო და გამომცემლები შორს დგანან პრაქტიკული ცნობიერებისგან, რაც აზარალებს მოსწავლეს.

გენო გოგიბერიძე

გენო გოგიბერიძე გამოყოფს პედაგოგის პრობლემასაც: „მართალია დირექტორს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს მასწავლებლის დანიშვნის ან გაშვების საკითხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ყბადაღებული სერტიფიცირება არ ამართლებს ხშირად. რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელია, რომელიც ვერ მართავს საგაკვეთილო პროცესს და წივილ-კივილია გაკვეთილზე. არ მინდა ასეთი სერტიფიკატი“. დირექტორი ამბობს, რომ მას ჰქონდა წინადადება განათლების სამინისტროსთან, რომ შექმნილიყო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად შეამოწმებდა საგაკვეთილო პროცესს და მოისმენდა იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება დირექტორებს სკოლის განვითარებაში დაეხმარება, თუმცა სამინისტრო მას ჯერ არ გამოხმაურებია.

თამარ ხატიაშვილი, რომელიც USAID-ის განათლების მართვის პროექტში იყო ჩართული და სკოლის დირექტორებს სტანდარტების შემუშავების პროცესში ტრენინგებს უტარებდა, აქცენტს სკოლების დაფინანსებაზე აკეთებს. მისი აზრით, სკოლის დირექტორები კანონით დადგენილი მართვის პრინციპებს ფლობენ და სკოლაშიც ქმნიან მართვის დემოკრატიულ გარემოს, თუმცა, გარკვეულ ნაბიჯებს მაინც ფორმალური სახე აქვს, რადგან ფინანსური რესურსის უკმარისობა მათ ახალ ინიციატივებში ზღუდავს.

განათლების სპეციალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნათია ანდღულაძის მოსაზრებით ამ ეტაპზე არარელევანტურია საუბარი სამეურვეო საბჭოების და სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხზე, მაშინ როცა სამეურვეო საბჭოებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა თავიანთი ფუნქციები სრულფასოვნად შეესრულებინათ. „შესაბამისად, არც რეფორმას ჰქონია იმდენი დრო, რომ შედეგი მოეტანა. ამიტომ, ამ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველია სამეურვეო საბჭოების როლი, არჩევნების ჩატარება კიდევ ერთ იმედგაცრუებას გამოიწვევს“ _ ამბობს ის.

ნათია ანდღულაძის ინფორმაციით, 2007 წელს როცა ორგანიზაცია „პადეკომ“ (ამერიკული საკონსულტაციო კომპანია) ჩაატარა კვლევა, პედაგოგებმა და მშობლებმა, რეფორმაში სამეურვეო საბჭოების კომპონენტი მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასეს: „ამ რეფორმის ოპონენტები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოების წევრებს არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია და მოტივაცია, შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულებები, ამ მოტივით სამინისტრო ხშირად ერეოდა სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილებებში. იყო შემთხვევა, როცა სამინისტრომ ვერ გაათავისუფლა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, რადგან სამეურვეო საბჭო იყო წინააღმდეგი მისი გათავისუფლების. ამიტომ სამინისტრომ ჯერ სამეურვეო საბჭო დაითხოვა და ასე გაათავისუფლა დირექტორი. მგონია, რომ სამეურვეო საბჭოების მოდელზე უარის თქმა არ ღირს ორი მიზეზის გამო. პირველი _ ქვეყნებში, სადაც მშობლის ინტერესი ბავშვის განათლებისადმი მაღალია, სამეურვეო საბჭო კარგად მუშაობს. ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ სისტემები, სადაც სკოლას უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს, უფრო კარგ შედეგებზე გადიან. სინგაპურშიც კი, ნაწილობრივი დემოკრატიის ქვეყანაში მისცეს სკოლებს მეტი თავისუფლება. მეორე _ საქართველოში სამეურვეო საბჭოების მოდელს არ ჰქონია განვითარების შესაძლებლობა. სკოლები ჩავაყენეთ „ჭრელი პეპელას“ მდგომარეობაში. თითქოს, თავისუფლება მივეცით, მაგრამ, ამასთან, რატომღაც ყველა დირექტორს სამინისტროში მოჰქონდა საშტატო განრიგი დასამტკიცებლად. შაშკინის მინისტრობის დროს ათობით დირექტორი მოხსნეს აბსურდული ბრალდებებით. ბუნებრივია, ასეთ პირობებში არავის მოუნდება საბჭოში მუშაობა და სკოლის მართვაში მონაწილეობა. დრო უნდა მივცეთ სკოლებს, რომ ფეხი აიდგან თავისით.

რამდენადაც ვიცი, განათლების სამინისტრო ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს სამეურვეო საბჭო სკოლის მართვაში. ახალ მოდელზე მუშაობენ. სანამ ეს პროცესები არ დალაგდება, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის პროცესი ფიქტიური დარჩება“ _ ამბობს ნათია ანდღულაძე.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი