მთავარი,სიახლეები

რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

05.02.2017 • 2546
რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და სხვა ხარვეზების გამოსასწორებლად უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს. რა ინციატივებით შევა უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა, რომელიც ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია.

ბატონო დავით, რა ინიციატივებით შეხვალთ კომისიაში, როგორც ვიცით, საკითხები არასამთავრობო სექტორთან უკვე განიხილეთ.

ენჯეოებთან მე ის არ განმიხილავს, თუ რა ინიციატივებით ვაპირებ შევიდე კომისიაში. მე მინდოდა მათგან მომესმინა მოსაზრებები და იდეები ამაზე, მაინტერესებდა ისინი რა ხარვეზებს ხედავენ. მაქვს მოსაზრებები, რომლებსაც მაინცადამაინც არ ვაკონკრეტებ. თუმცა, რამდენიმე მათგანი გავასაჯაროვე და არც თქვენთან დავმალავ. ეს არის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცესები, მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდგომ ურთიერთობების საკითხი, რომელიც ხარვეზის სახით გამოჩნდა. ვეტოს მექანიზმი მთავრობის თავმჯდომარის ხელში და შემგომი დაუსრულებელი საკანონმდებლო პროცედურა, რომელსაც არ აწესრიგებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი.

გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ კომპეტენციას ეხება. თუ გადავხედავთ განსაკუთრებულ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, მათი დიდი ნაწილი თვითმმართველობის კოდექსით არის თვითმმართველობის განსაკუთრებული გამგებლობა, აქედან გამომდინარე ამ საკითხებს რაღაც ფორმით დახვეწა ან ამოღება სჭირდება, რომ არ მოხდეს დუბლირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციების ჩამონათვალში უნდა მოხდეს კოდიფიცირება ან ფორმულირების შეცვლა. მაგალითად, გვაქვს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული კომპეტენცია, ამ დროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები მუნიციპლიტეტის კომპეტენციაა ორგანული კანონით. აქედან გამომდინარე ამას ან უნდა დაერქვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის გზები, ან საერთოდ უნდა იყოს ამოღებული და ასეთი ძალიან ბევრი ტექნიკური და არატექნიკური საკითხია, რომლებიც ცვლილებას საჭიროებს. შეხვედრის მიზანი იყო არამხოლოდ ჩემი მოსაზრებები გამეხმოვანებინა საკონსტიტუციო კომისიის წინაშე, არამედ საზოგადოების აზრიც ყოფილიყო გათვალისწინებული და საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია, ნაწილის მაინც, არასამთავრობო ორგანიზაციები.

იყო მათგან საინტერესო წინადადებები?

ვერ გეტყვი, რომ ბევრი, მაგრამ იყო. ასლან ლორთქიფანიძეს ჰქონდა წარმოდგენილი მოსაზრება ავტონომიური რესპუბლიკის მოწყობაზე, მისი პოზიციაა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სახით კი არ უნდა იყოს მოწყობილი, არამედ პოლიტიკური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს და როგორც რეგიონი, ისე უნდა ჩამოყალიბდეს. ანუ სამართლებრივი ნიშნით უნდა იყოს მოწყობილი. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფცია და რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, მათ  წერილობით ჩამოყალიბებული მოსაზრებები არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ მინიშნებები ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს როგორც ინიციატივა კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე. იმავე დღეს შევხვდი აჭარის სამინისტროების იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. ყველაზე კარგად ალბათ სწორედ იურიდიულ დეპარტამენტებში ხედავენ ამა თუ იმ საკითხის არასრულყოფილებას თუ დაუხვეწელობას, აქედან გამომდინარე მათგანაც მოვისმინე საქმიანი მოსაზრებები, რომლებიც ასევე შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის საგანი.

რამდენიმე ხარვეზზე რომ გვითხრათ, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გაქვთ.

აი, მაგალითად, გადადგა მთავრობის თავმჯდომარე. გადადგომას კონსტიტუციური კანონი არ ითვალისწინებდა. გადადგომის შემდგომ ვის უნდა გაეგრძლებინა უფლებამოვალეობის შესრულება, ეს არ იყო განსაზღვრული. შესაბამისად, დავდექით დილემის წინაშე – ზოგადად, ჩაითვალა თუ არა გადამდგარად მთავრობის თავმჯდომარე, შემდგომ, მას უნდა გაეგრძელებინა მოვალეობის შესრულება, თუ უნდა დანიშნულიყო მოვალეობის შემსრულებელი და ასე შემდეგ. აი, ასეთი ტექნიკური ხარვეზები იყო ძალიან ბევრი. მთავარია შევთანხმდეთ, რომ ეს პრობლემაა და უნდა მოწესრიგდეს, ხოლო როგორ უნდა მოწესრიგდეს, ეს უკვე იურიდიული საკითხია. მთავარია დავინახოთ, რომ იყო პრობლემა და ამას სჭირდება შეცვლა.

ასევე მნიშვნელოვანია უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები. 2013 წელს მთავრობის თავმჯდომარემ გამოიყენა ვეტოს უფლება. ვეტო ვერ იქნა დაძლეული უმაღლესი საბჭოს მიერ, დაბრუნდა მთავრობის აპარატში ხარვეზებით. მაშინ ჩათვალეს, რომ ამას არ ითვალისწინებდა აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა და საკანონმდებლო პროცესი დაუსრულებლად შეწყდა შუა გზაში. არც ხარვეზი გამოსწორდა. ამან აჩვენა, რომ მოწესრიგების ეს სისტემა იყო არასრულყოფილი, რაც არ შეიძლება საკანონმდებლო რეგულაციებში იყოს. ეს საკითხებიც ზუსტდება და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომელზედაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, როცა აღმასრულებელ ხალისუფლებაში ვიყავით. ამას ვამბობდი არა მხოლოდ მე, ზოგადად იურისტები ვთანხმდებოდით, რომ ასე იყო.

ზოგიერთი უწყება საუბრობდა კომპეტენციის ნაკლებობაზე და უფლებების დელეგირებას ითხოვდა. ასეთი ერთ-ერთი იყო, მაგალითად, გარემოს დაცვის სამმართველო.

აქ ჩვენ საკითხები უნდა გავყოთ ორ ნაწილად. ერთი, რომელიც აჭარის განსაკუთრებულ გამგებლობას უნდა მიეკუთვნებოდეს და მეორე, რაზეც დელეგირებას აკეთებს ცენტრალური უწყება. დელეგირების საკითხი და დელეგირების თემა გაცილებით იოლი გადასაწყვეტია და არ არის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანით მოწესრიგებადი საკითხი.

კომისია კიდევ რა საკითხებზე მუშაობს?

კომისიაში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო დახურული ფორმატის და შესაბამისად, არაეთიკური იქნება დეტალებზე აქცენტირება, თუმცა დაახლოებითი ჩარჩო გითხარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: