მთიანი აჭარა,სიახლეები

სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო

02.02.2017 • 1739
სასწავლო პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში მხოლოდ კერძო სკოლაში გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის გარდა სასწავლო პროცესი აჭარის მთიანეთში ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. კერძო სკოლაში სწავლა სამშაბათს, 31 იანვარს, შეწყდა და ორშაბათს, 6 თებერვალს, განახლდება.

შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, შუახევის ყველა საჯარო სკოლა მომარაგებულია შეშითა და საწვავით. რაც შეეხება მოსწავლეთა გამოცხადებას, რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ მოსწავლეთა 50%-იანი გამოცხადება მხოლოდ იმ სკოლებშია, სადაც სკოლაში მისასვლელად მოსწავლეებს 2-3 კილომეტრისა და მეტი მანძილის გავლა უწევთ. ასეთი კი ნიგაზეულის, შუბნისა და დარჩიძეების სკოლაა.

„რიგ სკოლაში 60-70% – იანი, ზოგან კი 100%-იანი გამოცხადება გვაქვს, რაც შეეხება გათბობას, პრობლემა არ გვაქვს, სკოლებში, რომლებიც შეშით თბება, მომარაგებული გვაქვს შეშა, ხოლო სადაც ცენტრალური გათბობაა, გენერატორები გვაქვს და შუქის არარსებობის შემთხვევაში ვიყენებთ,“ – აცხადებს ედუარდ გოგრაჭაძე.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძეც ამბობს, რომ უხვ ნალექს პრობლემები არც ხულოს საჯარო სკოლებისთვის შეუქმნია: „სკოლაში ნორმალური გათბობა გვაქვს, შედარებით ნაკლებია მოსწავლეთა გამოცხადება, თუმცა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი“.

ქედის რესურსცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის თქმით, მოსწავლეთა გამოცხადება რიგ სკოლებში 70-80% -ს,  ნაწილში კი 90% აღწევს.

„50%-ზე ნაკლები გამოცხადება დღეს არც ერთ სკოლაში არ გვაქვს, პრობლემები სკოლებში არც გათბობასთან დაკავშირებით არ არის, გვაქვს გენერატორები და საჭიროებისამებრ ვიყენებთ,“ – განაცხადა დურმიშხან შავიშვილი.

სოფელი ნამლისევი, ქედა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელი ნამლისევი, ქედა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: