ერიდეთ სახურავიდან დაცურებულ თოვლს

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან გავლას, ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის არიდების მიზნით. 
რაც შეეხება ტროტუარებზე გაყინულ თოვლს, ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტროტუარებზე მოცურების საწინააღმდეგო ტექნიკური მარილი ყინვის დროს იყრება. „წელს მერიას 300 ტონა ტექნიკური მარილი აქვს შეძენილი, რაც საკმარისია,“ – უთხრეს “ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

გადმოუთოვლავი სახურავები ქვეითებსაც უქმნის ჯანმრთელობის საფრთხეს. გუშინ, პირველ თებერვალს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის წარმომადგენელს სასამართლოში მისვლამდე სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა და დაშავდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასით დაზიანების ერთადერთი შემთხვევაა ბათუმში, მაგრამ ბოლო დღეებში თოვლით გამოწვეული ტრავმის [დაცემა, მოცურება] ათამდე შემთხვევა იყო.

სახლის ჩამონგრევის შედეგად კი აჭარაში 1-2 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა. სახლების დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად დიდთოვლობა სახელდება.

„მე მოვუწოდებ მოსახლეობას, გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები,“  – განაცხადა დღეს ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com