„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მუშაობას აღარ შეწყვეტს

„რესპუბლიკური საავადმყოფო” მუშაობას აღარ შეწყვეტს, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საავადმყოფოს ექიმებმა უთხრეს.

„ეკონომიკის მინისტრი იყო მოსული და შევთანხმდით, რომ შეჩერება არ არის აუცილებელი“, – ამბობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმი, ბენო ჭელიძე. კითხვაზე, ვის აწყობდა საავადმყოფოს მუშაობის შეჩერება 6 თვით, ან როგორ არის შესაძლებელი შეჩერების გარეშე ახლის აშენება, ბენო ჭელიძემ ასე გვიპასუხა: „ეს აღარ არის აქტუალური და საინტერესო. მთავარია, მივიღეთ პირობა, რომ მუშაობა არ შეჩერდება. დანარჩენის კრიტიკა, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა. გამოძიება და ჩაღრმავება არაა ექიმების საქმე…“

კლინიკის ფუნქციონირების შეჩერებას გამორიცხავს მალხაზ ხალვაშიც, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი. 28 იანვარს ის „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ადასტურებდა, რომ საავადმყოფო გარკვეული ვადით მუშაობას შეაჩერებდა. მალხაზ ხალვაში მშენებლობის კუთხით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება: „ამ დასკვნებით გაირკვევა, რომელი შენობის დანგრევა იქნება აუცილებელი, რომლის – არა. პროექტის გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ფუნქციონირების შეწყვეტა იყო აუცილებელი, ასე განიხილებოდა, გეთანხმებით… რადგან ინფორმაცია მოვიდა ექიმებამდე, ამან გამოიწვია მღელვარება, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობდა… საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ არ გვქონია. ვიდრე მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე საავადმყოფოს ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გააჟღერებდა, ჩვენ გვქონდა ვერსიები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ვერსია იყო ფუნქციონირების შეჩერება გარკვეული ვადით. საბოლოოდ გავიარეთ საკითხი ერთად და მივედით იქამდე, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გაჩერება არაფრით არ შეიძლება“.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირების შეწყვეტის აუცილებლობაზე ინფორმაცია 27 იანვარს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა.  მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ წელს, მაქსიმუმ ექვსი თვით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ფუნქციონირებას შეწყვეტს, იმავე სერვისს კი მოქალაქეებს სხვა კლინიკები მიაწვდიან, ხოლო იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი დროებით სხვა საავადმყოფოებში იმუშავებდნენ.

რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ფუნქციონირების შეწყვეტის გარეშე, იმავე ტერიტორიაზე საავადმყოფოს ამოქმედება ახალ შენობაში? – რამაზ ბოლქვაძემ ამჯერად გვითხრა, რომ საავადმყოფოს ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ მას გადაჭრით არ უთქვამს:

„შესაძლებელია, შეჩერდეს, ასე ვთქვი მე… მე ვგულისხმობდი გარკვეულ სატესტო პერიოდს, რასაც შეიძლება დასჭირდეს 3-4, ან შეიძლება ერთი თვე. ამ პერიოდში გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, როცა იქნება უახლესი ტექნოლოგიის აპარატები, მას დასჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, ამას უნდა მიეჩვიოს და ისწავლოს ადამიანმა. გადამზადების პერიოდში ხომ არ შეიძლება ადამიანი თან მუშაობდეს? ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერზე“, – უთხრა რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“. მოახდინა თუ არა გავლენა გადაწყვეტილებაზე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მინისტრს რამდენიმე დღის წინ შეხვდა? – რამაზ ბოლქვაძე ამას გამორიცხავს. ამბობს, რომ უბრალოდ, ექიმებთან და მშენებლებთან ერთად „საკითხი დეტალურად გაიარა“.

12652

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები. ფოტო „ბათუმელების” არქივიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი