რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ 130 ოჯახი უშუქოდ არ დარჩეს

„ვერავისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რას გააკეთებენ. დღე-დღეზე უშუქოდ დარჩენას ველოდებით“, – გვითხრა გივი მიქელაძემ. ის ერთ-ერთია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთაგან. ამ დასახლებაში მცხოვრები 130 ოჯახი ერთი ადგილობრივი მკვიდრის, თემურ ბოლქვაძის მრიცხველით სარგებლობს. თვითნებურად შესახლებულებს ენერგოკომპანია ცალკე აბონენტად არ არეგისტრირებს. მათ საკუთრების ან ქონების კანონიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ.

„თემურ ბოლქვაძის სახლი აღებაშია და როგორც აბონენტი აღარ იქნება, უქმდება. ჩვენ უშუქოდ ვრჩებით, რადგან ყველა ამ აბონენტისგან ვიღებდით ელექტროენერგიას. ამ კაცმა გაგვაფრთხილა, სახლი აღებაშია, აბონენტი გაუქმდება და რაღაც უნდა ქნათო. მთავრობაშიც ვიყავი და „ენერგო პრო ჯორჯიაშიც“, მაგრამ კონკრეტულ პასუხს არავინ გვცემს. დაპირებებს კი ვისმენთ…“, – გვიყვება გივი მიქელაძე.

აბონენტ თემურ ბოლქვაძის სახელზე მისულ დავალიანებას 130 ოჯახი ფარავდა. „ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც დაგვარეგისტრირონ აბონენტად და დანარჩენს გავუნაწილებთ. მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა… აქამდე თვეში სადღაც 1500-2000 ლარი გამოგვდიოდა ჯამში. ფულს ვაგროვებდით და იმ კაცის ანგარიშზე ვიხდიდით“, – ამბობს გივი მიქელაძე.

„დოკუმენტის გარეშე ჩვენ ვერავის ცალკე აბონენტად ვერ დავარეგისტრირებთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნოდარ ზოიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებსაც ესაუბრა, მაგრამ ენერგოკომპანია ვერაფერს შეცვლის.

„უნდა მოძებნონ სხვა ოჯახი, ვინც რეგისტრირებულია და მასთან გადავიდნენ. იოლი არაა ასეთი ადგილობრივი მკვიდრის ნახვა, ვინც ამაზე თანახმა იქნება… ძალიან რთული სიტუაციაა მაქ. დიდი რისკია, რომ შესაძლოა გაჩნდეს ხანძარი და მერე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, მე არ ვიცი“, – გვითხრა ნოდარ ზოიძემ.

მისივე თქმით, აბონენტი მიმართვიდან 10 დღეში გაუმქდება. გაუქმების მოთხოვნა ჯერ თემურ ბოლქვაძეს, ვისგანაც 130 ოჯახს ელექტროენერგია მიეწოდება, არ დაუწერია.

რას აკეთებს აჭარის მთავრობა იმისთვის, რომ ზამთარში 130 ოჯახი შუქის გარეშე არ დარჩეს? – აჭარის მთავრობამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც გვითხრა, რომ „ჯერჯერობით პრობლემა არ არსებობს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერ გვითხრა, რა ელის ოჯახებს, როცა აბონენტი გაუქმდება. ის ამბობს, რომ პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა რა გაკეთდა ამისთვის, ან რა გამორიცხავს უშუქოდ დარჩენას, ვერ გვითხრა.

„ელექტროენერგია მიეწოდება ამ მოსახლეობას და მე აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში. ამ ზამთარში ვინ დატოვებს ხალხს უშუქოდ?… ,“ -ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

 

ავტორი