დარღვევა ბათუმის ციხეში, რის გამოც არავინ დასჯილა

პატიმარი ბათუმის ციხიდან ტელეფონით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. გვწერს, რომ წინასწარ სთხოვენ იმ ტელეფონის ნომრებს, ვისთანაც აპირებს საუბარს. მსჯავრდებულ ლ.მ.-ს გასული წლის 20 ივნისის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიუმართავს. ინსპექტორმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა.

ინსპექტორის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იმყოფება [ბათუმის მე-3 საპყრობილე], მაგრამ კონკრეტულად პატიმარი ლ.მ. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების რეჟიმით სარგებლობდა. „შესაბამისად ის არ იყო ვალდებული, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინასწარ მიეწოდებინა მისი ადრესატების ტელეფონის ნომრები“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისგან მივიღეთ.

კითხვაზე, რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირს, ვის მიმართაც დარღვევა დაფიქსირდა? – ინსპექტორის აპარატში გვიპასუხეს: „აღნიშნული წარმოადგენდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხანდაზმულობის გამო სამინისტროს ვერ დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“.

რა რეაგირება მოახინა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ? – უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და მათთვის საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის”. ეს პასუხი სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ორშაბათს მიიღო. დღეს სამინისტროს პრესსამსახურს ხელახლა ვთხოვეთ, გაეგო, მიიღეს თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან თავად დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ მონაცემს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ლ.მ.-ს საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს 2017 წლის 13 იანვარს გაუგზავნეს.

შედეგი, ანუ პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან მსჯავრდებულ ლ.მ.-ს უკვე ჩაბარდა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის ასევე საუბრობს უკანონო მიყურადებაზე: „სამინისტრო ადასტურებს დარეკვის მომენტში თანამშრომლის ყოფნის ფაქტს, მაგრამ გამორიცხავს მიყურადებას. როგორ შეიძლება ადამიანი შენს გვერდით იყოს და არ ისმენდეს, მაშინ ყრუ უნდა იყოს…“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის დროს უკანონო მიყურადებას კატეგორიულად გამორიცხავენ. პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის სატელეფონო საუბრის მოსმენის უფლება ციხის უფლებამოსილ პირს მხოლოდ განსაკუთრებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი