მთავარი,სიახლეები

შუახევში სახლი დაიწვა – გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

01.02.2017 • 2022
შუახევში სახლი დაიწვა –  გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

შუახევში, სოფელ კვიახიძეებში, გივი ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შუახევის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ხის ორსართულიანი სახლი დაიწვა, რადგან სახანძრო სამსახურის მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო ადგილზე ვერ მივიდა.

სოფელში ამ დრომდე ვერ ავიდა შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გაწმენდილიც რომ ყოფილიყო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა: „იმდენად სწრაფად გაჩნდა ხანძარი, მისი ჩაქრობა მაინც პრობლემა იქნებოდა. ამას მეუბნება სოფლის რწმუნებული. სოფელ კვიახიძეების გზაზე ამჟამად მუშაობს ტრაქტორი და გზა იწმინდება. ორ დღეში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ყველა სოფლის გზის გაწმენდა“.

ტარიელ ებრალიძის თქმით, კომისია განიხილავს, მიიღებს თუ არა თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაზარალებული ოჯახი. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, გივი ფუტკარაძის ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფება და როგორც ეკომიგრანტს, მიღებული აქვს 25 ათასი ლარი სხვა საცხოვრებლის შესაძენად.

სასოფლო გზების გაწმენდა აჭარის მაღალმთიანეთში შეფერხებულია. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, შუახევში ამ დროისთვის 68 სოფლიდან დაახლოებით 45 სოფლის ცენტრამდე მისვლაა შესაძლებელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: