მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

31.01.2017 • 5984
მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა.

ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ მოითხოვეს.

„მახუნცეთში ჩამოსული ტურისტების მოთხოვნის პარალელურად, სხვადასხვა თეატრალური დასისგან გვქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენებებს მოაწყობდნენ, თუმცა ღია სივრცეში ჩვენების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნდა.  სწორედ ტურიზმის განვითარებისა თუ ტურისტების მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა საზაფხულო სცენის მოწყობა მახუნცეთში. გარდა მახუნცეთისა, ვგეგმავთ საზაფხულო თეატრის შენობის მოწყობას დაბა ქედის პარკშიც,“ – თქვა გურამ ბერიძემ.

საზაფხულო თეატრი მახუნცეთშიც, პარკში მოეწყობა:

q2კითხვაზე – უფუნქციოდ ხომ არ დარჩება საზაფხულო თეატრის შენობა, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობა სოლიდურ თანხას ხარჯავს? გურამ ბერიძემ უპასუხა:

„ზაფხულში არაერთხელ იყო შემოთავაზება თეატრებიდან, რომ ჩვენებებს მოაწყობდნენ. გარდა თეატრალური დასისა, აღსანიშნავია ისიც, რომ  ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს ისეთი წარმატებული ანსამბლები ჰყავს, რომლებზეც მოთხოვნა დიდია – „ელესა“, „ბეთლემი“… ეს ანსამბლები კონცერტს ზაფხულში პერიოდულად ყოველ კვირას გამართავენ“.

საზაფხულო თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი 17 თებერვალს დასრულდება.

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან


ამავე თემაზე:

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: