მთავარი,სიახლეები

„გოდერძიზე“ გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე კურორტის სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

31.01.2017 • 6319
„გოდერძიზე“ გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე კურორტის სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

13 იანვარს, კურორტ გოდერძიზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს, თხოვნით, სააგენტომ შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება.

მიმართვაში, რომელიც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

„თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამოდენიმე წუთით, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის არეში, ღია ჭრილობა შუბლზე მარცხნივ და ძლიერი გულისრევა, რაც გრძელდებოდა სამედიცინო პუნქტში თემურ გაბაიძის მოთავსების სრული პერიოდის განმავლობაში.

…აღნიშნული  სიმპტომები  ექიმის მიერ მყისიერად არ შეფასდა, როგორც კრიტიკული. ექიმმა გადაწყვიტა პაციენტი დაეტოვებინა კურორტის სამედიცინო პუნქტში დაკვირვების ქვეშ და მანამ არ მიიღო მისი დაუყოვნებელი ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება, სანამ თემურ გაბაიძეს არ დაეწყო ცნობიერების დაბინდვა. ზემოაღნიშნულის გამო დაიკარგა თემურ გაბაიძის გადარჩენისათვის საჭირო ძვირფასი დრო. კერძოდ, თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა 2017 წლის 01 იანვრის 14:10 საათზე და მისი ტრანსპორტირება კურორტის სასწრაფო დახმარების მანქანით დაიწყო 17:10 საათზე, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს კი, რაც გამოხატული იყო შესაბამისი სიმპტომატიკით პირველივე წუთებიდანვე, ყოველ წუთს აქვს სიცოცხლის გადარჩენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც დადასტურდა პაციენტის გარდაცვალების ფაქტით და რაც მიუთითებს იმაზე რომ პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების ნაცვლად მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო.

… პაციენტის გადაყვანა დაბა ხულოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი სათანადო აპარატურით (მაგალითად, ჟანგბადის ბალონით) და არ იყო მორგებული ავადმყოფის საჭიროებებზე. ხშირად გვიხდებოდა შეჩერება ე. წ. „საკაცის“ გასასწორებლად. მთელი გზის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ე.წ. „საკაცის“ ერთ ადგილას ფიქსაცია, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის თოვლის საფარიდან გათავისუფლებას დასჭირდა 40 წუთზე მეტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი არ იყო მუდმივ მზადყოფნაში და გულგრილად ეკიდებოდა თავიანთ მოვალეობებს.“

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე ითხოვს სააგენტომ შეისწავლოს გოდერძიზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება და მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, შეისწვალოს გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მკურნალი ექიმის კვალიფიკაცია;  შეისწავლოს მოქმედი კანონმებლობით დასაშვებია თუ არა მხოლოდ მსგავსი პროფილით მომუშავე ექიმის საქმიანობა აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში და ექიმს დროებით – მოკვლევის პერიოდით – შეუჩერდეს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება და მოხდეს მისი კვალიფიციური პერსონალით ჩანაცვლება.

__________________________________________

ამავე თემაზე: 

“გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: