მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

31.01.2017 • 5659
რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში  სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს.

აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული ტექნიკა აქვს, აქედან ორი რამდენიმე წლის წინ  არის შეძენილი, რვა კი საბჭოთა კავშირის დროინდელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს სამსახურის უფროსის, რაულ ბოლქვაძის თქმით, ხულოს სოფლების გზის გაწმენდას 3-4 დღე დასჭირდება.

„85 სოფელია ჩვენს ბალასზე ხულოში, მთლიანობაში 330 კილომეტრი გზა. რაოდენობიდან გამომდინარე ყველა სოფლის გზის გაწმენდას ერთდოულად ვერ ვახერხებთ, პირვველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გავწმინდეთ, გავხსენით ხიხაძირის, ღორჯომის, უჩხოს, ქედლების, საციხურის გზა, გასაწმენდი გვაქვს სოფლების – გელაურას, ძმაგულას, ფაჩხის გზა. ხვალ დავიწყებთ გელაურის გზის გაწმენდას,“ – ამბობს რაულ ბოლქვაძე.

ამ დრომდე თოვლის საფარისგან გაუწმენდელია გზა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კოლოტაურში, ბზუბზუში, ნამონასტრევში…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის სამსახურის უფროსი თემურ დევაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ქედაში ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფლების გზას წმენდენ. მისივე ინფორმაციით, გზები ქედაში სრულად ხვალ, პირველ თებერვალს, დღის ბოლომდე გაიწმინდება.

თემურ დევაძე: „ამ დროისთვის 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, გაწმენდილია თემებთან და სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები, გზების 100%- ით გაწმენდას  ხვალ დღის ბოლომდე ვვარაუდობთ“.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაუწმენდელი რჩება ოლადაურის თემის სოფლები; კვიახიძეები-ლომანაურის, გოგაძეები-ჯაბნიძეების, უჩამბა-წაბლანის, ფურტიოს, ბარათაულის, ბრილის, ჭვანა-გომარდულის, ვარჯანაულის, ნენიის, შუახევი-თერნალის, შუბანი-მახალაკიძეების საავტომობილო გზების გაწმენდაზე კი ამ დროისთვის 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

16409934_1249960495099654_68326867_o

სოფელი ქვედა ბზუბზუ, ქედა / 31.01.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: