სიახლეები

ერთ ლარად ნაყიდი ქონება და შეუსრულებელი ვალდებულებები

03.04.2013 • 1728
ერთ ლარად ნაყიდი ქონება და შეუსრულებელი ვალდებულებები

შპს „სავანეს“ 17 500 კვ/მ ფართობი, ჭარნალის ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობის პირობებით გადაეცა. თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ინვესტორს პირობები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად, არ შეუსრულებია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ინვესტორები ინერტულობას იჩენენ:

 

„ამიტომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები არ მოეხსნებათ. ისინი მიჩვეულები არიან რომ ბოლო წუთამდე მიიყვანონ საქმე. თუ არ დავაჯარიმეთ, გააგრძელებენ ინერტულპობას“.

 

შპს „სავანეს“ ტურისტულ ზონაში სასტუმრო და ათი კოტეჯი უნდა ჩაედგა, გაეშენებინა თევზის მეურნეობა, დაესაქმებინა მინიმუმ 50 ადამიანი და მოეწყო ინფრასტრუქტურა. ინვესტიციის რაოდენობა ერთი მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. როგორც დავით ბალაძე აცხადებს, აღნიშნული კომპანია რუსეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს გრიგოლ გაფრინდაშვილს ეკუთვნის.

 

 

მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ინვესტორისთვის მომგებიანი არ არის: „როგორც ჩანს, მას ტყის ინტერესი აქვს, რადგან კოტეჯები ხუთ წელიწადში დალპება და გრძელვადიან მოგებას ვერ მოიტანს. ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ინვესტორს ხელშეკრულება შევუწყვიტოთ, ან დაველაპარაკოთ გრძელვადიან იჯარაზე“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

კიდევ ერთი კომპანია, რომლის სახელშეკრულებო პირობების გადახედვაზე დღეს მთავრობაში იმსჯელეს „Cheif Asia International“-ია. მისი მფლობელები ებრაელი ბიზნესმენები არიან. კომპანია ჰონკონგში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, აქაც დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ასეთ დროს სახელმწიფოს ნაკლები ბერკეტები აქვს, ვიდრე ინვესტორს.

 

ინვესტორს ყოფილი ჭადრაკის სასახლე და მიმდებარე ტერიტორიაც წინა ხელისუფლებისგან ერთ ლარად გადაეცა. მას სასტუმრო კომპლექსი და იახტ-კლუბი უნდა აეშენებინა. მთლიანობაში საუბარი იყო 70 მილიონი ლარის ინვესტიციაზე. დარღვეული სახელშეკრულებო პირობების გამო კომპანია ოთხი მილიონი ლარითაა დაჯარიმებული.

 

„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის რომ ეს პროექტი გაგვეგრძელებინა“-აცხადებს არჩილ ხაბაძე.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე კი ამბობს: „ინვესტორი ვადების გაგრძელებას მოითხოვს, ჩვენ გავუგრძელებთ ვადებს და კომპანიას აღარ დავაკისრებთ ჯარიმის გადახდას, თუკი პროექტს გააგრძელებს. პერიოდულად კი გავუწევთ მონიტორინგს, ასრულებს თუ არა ეტაპობრივად გათვალისწინებულ ვალდებულებებს“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: