მთავარი,სიახლეები

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

30.01.2017 • 5492
რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 2006 წელს გადაეცა. კომპანიამ ამ ობიექტებიდან მხოლოდ ერთ ადგილზე ააშენა სასტუმრო [„რედისონ ბლუ“]. გასული წლის გაზაფხულზე კი აჭარის მთავრობასთან დადებული ახალი შეთანხმების საფუძველზე გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიამ უკან დააბრუნა.

„დარჩენილი გვაქვს 10 ობიექტი კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, გვაქვს ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც,“ – გვითხრეს კომპანიაში.
კომპანიაში ადრე ისიც განაცხადეს, რომ „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები და ინფორმაციის დონეზე ზოგადად განიხილეს მწვანე კონცხის განვითარების პერსპექტივებიც, „ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა არ ყოფილა“, თუმცა მზად იყვნენ სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვისაც.

„სილქ როუდ ჯგუფში“ დეტალებზე ამჯერადაც არ საუბრობენ: „ამ დროისათვის სიახლე არ არის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აჭარაში საინვესტიციო პროექტებს, რის შესახებაც ახლო მომავალში უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ კომპლექსის მშენებლობის პროექტის ოფიციალურად შეწყვეტაზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ „სამომავლოდ გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში“.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობა ბათუმში, ყოფილი „რივიერას“ ადგილზე [ახლანდელი „საოცრებათა პარკის“ მიმდებარედ] იგეგმებოდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კომპლექსს ისევ ამ ადგილზე ააშენებენ.

„კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის, თუმცა დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება.“ – აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“ – „მოცემული ტერიტორია შეძენილია აუქციონის გზით. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულებები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: