მთავარი,სიახლეები

ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

30.01.2017 • 2300
ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

„ნაციონალური მოძრაობის“  და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ  იმ 12 ოჯახს, რომლებსაც  თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს.

„2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ ამ 25-მილიონიანი ფონდიდან დაუყოვნებლივ შეძენილ იქნას ბინები ამ ოჯახებისთვის, რომლებიც დღეს ღია ცის ქვეშ არიან“.

გია აბულაძის განცხადებით, არ არის საკმარისი დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა, რადგან ასეთ შემთხვევებში ისევ ოჯახები ზარალდებიან.

„ამ ბარაკულ დასახლებაში 60-ზე მეტი ოჯახია, სადაც არანაირი საცხოვრებელი და უსაფრთხოების პირობები არ არსებობს. ამჯერად ადამიანები გადარჩნენ, მაგრამ სხვა დროს შეიძლება უარესი შედეგით დასრულდეს. ამიტომ, მთავრობამ ეს პრობლემა საბოლოოდ უნდა მოაგვაროს და ბინები შეუსყიდოს, რადგან ბიუჯეტში ამის რესურსი არსებობს,“ – ამბობს გია აბულაძე.

ამ დროისთვის, როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები  სასტუმროებშია გადაყვანილი: „მერიამ მათ დაუქირავა ბინები, ზოგი  ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი და კარგ პირობებში არიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მერიაში მოგვიანებით იმსჯელებენ“.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის განცხადებით,  დაზარალებულ ოჯახებთან  დაკავშირებით ჯერ კომისია იმსჯელებს: „მაინც და მაინც ბინების გადაცემაზე ხომ არ არის საუბარი, შეიძლება აღდგენით სამუშაოებზე იყოს საუბარი, აღდგენას რამდენად ექვემდებარება, ამაზეც კომისია იმსჯელებს“.

გოგა ლომაძის ინფორმაციით, 2017 წლის მერიის სარეზერვო ფონდი 700 ათასი ლარია.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25-მილიონიანი ფონდი აჭარას არ გააჩნია: „ეს არის არასწორი ინფორმაცია.  25 მილიონი ლარია გათვალისწინებული აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მთავრობის სარეზერვო ფონდი კი ორი მილიონი ლარია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: