მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“

27.01.2017 • 2698
ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა – ვაჟა ბოლქვაძემ და ბაქარ ბარამიძემ დატოვეს.

დეპუტატების პროტესტის მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი აღმოჩნდა – ქედის საკრებულოს 2017 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დაემტკიცებინა.

„ბიუჯეტში ცვლილების ისე შეაქვთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ მომხდარა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. მოვითხოვეთ ადმინისტრაციული წარმოება მომხდარიყო და მერე მიეღოთ ცვლილებები ბიუჯეტში“, – თქვა ვაჟა ბოლქვაძემ.

მას შემდეგ, რაც ორმა დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, სხდომათა დარბაზში დარჩა 12 დეპუტატი. ეს რაოდენობა არასაკმარისი იყო იმისათვის, რომ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე ემსჯელა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ სხდომის გადადების თაობაზე მხოლოდ ის თქვა, რომ კონსულტაციები იყო გასავლელი. მოგვიანებით, სხდომა განახლდა უკვე 15 დეპუტატის მონაწილეობით [საკრებულოში უმრავლესობის ის სამი წევრი მოვიდა, რომლებიც თავდაპირველად სხდომას არ ესწრებოდნენ] და ქედის ბიუჯეტში ცვლილებებიც შევიდა: ამ ცვლილებებით გადაწყდა, რომ  ქედის გამგეობა წყალკანალს მანქანას უყიდის; გარდა ამისა, 15 000 ლარით დააფინასებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“. ამ თანხით  500 ცალი წიგნი დაიბეჭდება, რომლის ავტორიც არის ადგილობრივი მწერალი შალვა აბაშიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებების გატარების აუცილებლობა, ძირითადად, გარდამავალმა პროექტებმა გამოიწვია:

„137 000 ლარის გარდამავალი პროექტი იყო, სულ რვა პროექტი. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი – 32 000 ლარი დაბის კეთილმოწყობის პროექტია, ასევე აუცილებელი იყო წყალკანალისთვის ავტომობილის შეძენა, რაზეც 15 000 ლარი გამოვყეთ; 15 000 ლარიც წიგნის გამოსაცემად გაიწერა“.

ქედის საკრებულოში სულ 24 წევრი მუშაობს, მათი უმრავლესობა მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.

ქედის საკრებულო

ქედის საკრებულო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: