აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა.

ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ იქაურობას ყოფილი პრემიერი ძმასთან ერთად რამდენიმეჯერ სტუმრობდა.

შესაბამისად, აქტუალურია კითხვა, ხომ არ აყენებს სახელმწიფო მათ შორის ბიზნესმენებსაც არათანაბარ პირობებში? ამ კითხვის პასუხი შეიძლება ვიპოვოთ აუქციონის პირობებში, რომელიც უკვე გამოაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ მწვანე კონცხზე – უწყება სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ორ შენობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ფართობს 4 მილიონ 500 ათას ლარად, ფორმალურად პირობებით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

ამ შემთხვევაში პირობები ასე გამოიყურება: ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაათი დღის ვადაში ნასყიდობის საფასურის ნაწილის – 3 000 000 ლარის ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ბიუჯეტში გადახდა; ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ქონების ახალ მესაკუთრეს არც ერთი ადამიანის დასაქმება არ ევალება, მაშინ როცა მსგავსი პირობა თითქმის ყველა აუქციონის მოთხოვნაშია ჩადებული. შესაბამისად, ინსტიტუტის ქონების შემძენი ინვესტორი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე სხვა ინვესტორები, რომლებმაც თითქმის ანალოგიურ ქონებაზე გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ და პირობებიც შეასრულონ.

ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც შპს „სტატოტელი“, რომელმაც მახინჯაურისა და პანსიონატ მზისურის ტერიტორიები პირდაპირი მიყიდვის წესით და პირობებით 3 მილიონ 900 ათას ლარად შეისყიდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მწვანე კონცხის აუქციონისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ინვესტორს დეტალურად გაუწერა, თუ როდის, როგორ და რა ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას „მზიურის“ ტერიტორიაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ ამბის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებული უნივერსიტეტის ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც, გასულ კვირას, ბათუმში, ჭაობის დასახლებაში [26 მაისისა და ბადრატიონის ქუჩების კვეთა], ანუ იმ უბანში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა არც კი არსებობს, მერიამ ერთი კვარდრატული მეტრი 1016 ლარად გაყიდა. ამ ქონების საწყისი ფასი 18 500 ლარი იყო, ვაჭრობს შემდეგ კი მყიდველმა მასში 92 500 ლარი გადაიხადა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტის გელა ცინცაძის მტკიცებით, უსაფუძვლოა ეჭვი, რომ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობებსა და მიწის ნაკვეთებზე, კონკრეტულ პირზეა მორგებული:

„პირობები გაწერილია საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან, ასევე ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკაშირებით. გარდა ამისა, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა შემცირებულია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ აუქციონი გამოცხადებულია საიმისოდ, რომ ვიღაცას მოეგო, სწორი არ არის. აუქციონი თავის თავში გულისხმობს გამჭვირვალე პროცესს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ეს ვერ ჩააყენებს დაინტერესებულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში. სააუქციონო პირობა ყველასთვის ერთიანია. ეს არის ელექტრონული აუქციონი, სადაც სამინისტრო ვერც კი ხედავს თუ ვინ ვაჭრობს. ამის ორგანიზებას აკეთებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ჩვენ გამარჯვებულს ვგებულობთ მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდგომ. რატომ ხუთი მილიონი და არა მეტი? – იქ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ვერც კი გამოიყენოს ინვესტორმა მშენებლობისთვის. მართალია 13 650 კვადრატული მეტრია, მაგრამ ნაწილი არავაკე ტერიტორიაა, ამიტომ შემდგომში რომ არ წარმოიქმნას პრობლემა, ამის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული გადაწყვეტიელბა. გეოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი, თუ რამდენად შესაძლებელია იქ მასშტაბური მშენებლობის წამოწყება.“

პირობიანი აუქციონი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც უმეტესწილად მოიცავს გეგმა-გრაფიკსაც, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ინვესტორი შეიძლება დაჯარიმდეს, თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მის მიმართ კეთილ ნებას არ გამოხატავს, აპატიებს და აღებული ვალდებულების შესრულების ვადებს არ გადაუვადებს. ამის უფლებას მთავრობის თავმჯდომარეს კანონმდებლობა ანიჭებს.

შესაბამისად, მთავრობა მოტივირებულია კარგად გაწეროს პირობები და მიიღოს მაქსიმუმი. „ბათუმელებმა“ რამდენიმეჯერ მოამზადა სტატია ბიზნესმენებზე, რომლებიც პირობების შეუსრულებლობისთვის დააჯარიმეს. ასევე მათზეც, რომლებსაც აპატიეს. ამ ფაქტებს თუ გავაანალიზებთ, სახელმწიფო ქონებით დაინტერესებული ხელსაყრელი პირობების მიმღები პირები, ძირითადად, მთავრობასთან არიან დაახლოებულები, ან სახელისუფლებო პარტიის შემწირველები არიან, ან სულაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

ქონების აუქციონის წესით გასხვისებამ, ბიუჯეტში მეტი შენატანი, პირობების დაწესებამ კი სასურველი ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა, ინვესტორის კონტროლის შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს, რაც სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.

თუმცა, მწვანე კონცხის შემთხვევაში ხელისუფლებას მინიმალური მოთხოვნები აქვს და მცირედით კმაყოფილდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი