მთავარი,სიახლეები

როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

27.01.2017 • 11733
როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი.

დღეს არსებული პრაქტიკით, სასამართლოების ერთი ნაწილი, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, ასაიდუმლოებს ნებისმიერი პირის შესახებ ინფორმაციას, ვისზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის საუბარი.

„ჩვენ მიგვიღია სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის ვინაობაც კი იყო დაშტრიხული“, – ამბობს ნინო მერებაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

ეს ორგანიზაცია „მედიის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ერთად ასაჩივრებს ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის სხვადასხვა მუხლს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვების დროს, პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის დაფარვის საშუალებას იძლევა.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ამ რეგულაციებით ირღვევა „საქართველოს კონსტიტუციის“ 41-ე მუხლი, სადაც წერია:

„საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.

ნინო მერებაშვილის არგუმენტი მარტივია: ვინაიდან სასამართლოს სხდომა არის ღია და საჯარო, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემი ამ პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირის შესახებ.

„გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რომელიმე მხარემ მოითხოვოს სხდომის დახურვა. ამ დროს გასაგებია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მაინდენტიფიცირებელი მონაცემები დაიფარება,“- გვიყვება იურისტი ნინო მერებაშვილი.

„ეს არის ზოგადი ლეგიტიმური მიზანი, ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესი“, – ეს პასუხი პარლამენტის წარმომადგენელმა მოსამართლე მერაბ ტურავას გასცა.

პარლამენტის იურისტმა შემდეგი სხდომისთვის პასუხის გასაცემად მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის შეკითხვაც ჩაინიშნა:

„თუკი თვლით, რომ ეს პრივატული სფეროა, მაშინ მოსამართლე რატომ აცხადებს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით? და კიდევ: არ ფიქრობთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების უფლების წართმევაა ეს?“

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: