მთავარი,სიახლეები

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

27.01.2017 • 9895
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში.

ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია.

ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში თქვა უარი, თუმცა უმაღლესი საბჭო ოფიციალურად მან დღეს დატოვა.

იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, 2016 წლის დეკემბერში ლევან ვარშალომიძემ 4290 ლარი მიიღო ხელფასისა და დანამატის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაცით, ხელფასი ვარშალომიძემ ხელფასი იანვრის თვეშიც მიიღო.

ლევან ვარშალომიძე საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პატრიული სიით ასმათ დიასამიძე შევა.

________________________________

ლევან ვარშალომიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. 2004 წელს იგი აჭარაში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან 2012 წლამდე. იგი ახლაც მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად და აჭარაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად მიიჩნევა. პარტიაში ბოლო პერიოდში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ის წევრების უმრავლესობა აჭარაში, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქლების ერთ-ერთი დასახელებული მიზეზი იყო განსხვავებული პოზიცია ექსპრეზიდენტსა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის იმის შესახებ, უნდა შესულიყო თუ არა პარტია არჩევნების შემდეგ პარლამენტში.

შოთა გუჯაბიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: