სიახლეები

გუბეებში არეკლილი ქალაქის ფოტოგრაფი

19.03.2013 • 1998
გუბეებში არეკლილი ქალაქის ფოტოგრაფი

 

რატომ 2 ცა 1 ბათუმი

ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. სამი წლის წინ, მეგობართან ერთად „ბერეგზე“ ვიყავი და ვეცადე გუბიდან გადამეღო ფოტო. მერე მომეწონა და ეს ყველაფერი სერიად იქცა. მაშინ ძველი ბათუმით ვიყავი დაინტერესებული, ძველი ბათუმი ერთგვარი მისტიკა იყო ჩემთვის, ქალაქი, რომელიც იყო რაღაც დროსა და სივრცეში და მერე გაქრა. იმ დროს ქრებოდა ქალაქში ძველი შენობები, ბათუმი იცვლებოდა ჩვენ თვალწინ და გაჩნდა ამ სერიის –  „2 ცა 1 ბათუმის” იდეა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ყველაფერი იყოს ორი, მათ შორის ცაც, გარდა ბათუმისა.

 

ეს არ არის დადგმული კადრები, გადაღებულია ძალიან სწრაფად, ერთ რეჟიმში. მე მგონი ის, რასაც ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ სანაპიროზე, გუბეებიდან სხვაგვარად ჩანს. სამყარო და ქალაქი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. ამ ქალაქის მთავარი ღირსება არის ზღვა და მეთევზეები, რომელიც რაღაც ცალკე სამყაროა. მინახავს, როგორ გადიან ისინი დილით ზღვაში, მომისმენია რაზე საუბრობენ, ეს ეთნიკურად ძალიან ჭრელი ჯგუფია, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს.

 

 

ბევრს უნახავს, როგორ ჩადის ბათუმში მზე, მაგრამ ბევრს არ უნახავს როგორ ამოდის მზე. ადრიანი გაზაფხული, ჩრდილების თამაში… მეთევზეები არიან ამ სერიის გმირები და არის ერთი გემი, რომელიც ბევრ ფოტოში ფიგურირებს. არის ფოტოები, როგორ აირეკლება თოვლიანი ბათუმი წყლის გუბეებში.

 

მე ვთვლი, რომ ეს გამოფენა დედას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ თემატურად არანაირ კავშირში არ არის და არც ერთი ფოტო, რომელიც გამოიფინა, დედას არ უნახავს არასდროს.

 

ადგილი, სადაც ვცხოვრობ

 

ძენწმანი – სოფელი, ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაბაში გავიზარდე, ქედაში, 10 წუთში სოფელში ფეხით ვიყავი და მიმაჩნია, რომ სოფელია ჩემთვის ყველაფერი.  სოფელში არის სახლი, 170 წლის წინ აშენებული, როცა იქ ავდივარ, მგონია, რომ დრო გაჩერებულია. განსაკუთრებული ფენომენია, გრძნობ, რომ სხვა კონტაქტია.

 

გამახსენდა ზამთარში ძველ სახლში საღამოხანს ბუხარში დანთებულ ცეცხლზე ატკაცუნებული წაბლის შეშა, თოვას მოყოლილი გიჟი ქარი და დიდი სექვიდან დანახული ცეცხლის ალი. გამახსენდა ძველი ხის სარკმლები და სარკმლებიდან სანახევროდ შემოპარული ქარის ზუზუნი. გამახსენდა ორი დიდი აგუზგუზებული ლაზური ბუხარი და ყაბალახიანი კაცები, რომლებიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობენ და რაც მთავარია, გამახსენდა შავშეთისა და მესხეთის ქედებს შორის გაწოლილი აჭარისწყალი და მთელი ხეობის ულამაზესი ხედი. 

მერე?

მერე  კიდევ ბევრი რამე გამახსენდა.

სულ მერე კი ყველაფერი აირია. აირია და თავის ადგილას დადგა.

 

ნოემბრის ზამთრის მისტერიები (ნაწყვეტი სულხან სალაძის ბლოგიდან დაწერილი ამბები”)  

 

ბათუმი – ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმი ჩემთვის. მე ვთვლი, რომ თუ ჩემში რაღაც მნიშვნელოვანი, ღირებული შეიქმნა, ამ ქალაქის დამსახურებაა. და სულ მგონია, რომ ამ ქალაქს უხდება წვიმა. ეს გამოფენა წვიმის დამსახურებაა თავიდან ბოლომდე.

 

 

განსაკუთრებით მიყვარს რამდენიმე ადგილი – ძველი ბათუმის ქუჩები, სანაპირო, მერიის წინ ვარდების სკვერი, სადაც მეგობრები ვიკრიბებოდით… ამას აფასებ მაშინ, როცა სხვა ქალაქში გადადიხარ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი გაკლია იქ.

 

თბილისი – პირველი რაც აღმოვაჩინე თბილისში ჩასვლისას, ეს იყო ხმაური. ზოგადად, ყველა დიდი ქალაქი ხმაურიანი. მერე მივხვდი, რომ არ ვარ ურბანისტი, სოფელი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა თბილისის გარეშე არ შემიძლია ყოფნა, ეს არის ადგილი, სადაც გეძლევა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, სულ ვფიქრობ, რომ სოფელში, სადაც ჩემი მიწა მაქვს, წლების შემდეგ, აუცილებლად მექნება ჩემი ხის სახლი. 

 

 

ძველი წიგნები და სიურპრიზი მეგობრებისთვის

 

 

ასზე მეტი ძველი წიგნი მაქვს. წიგნების შეგროვება 2010 წელს დავიწყე. ჰოლანდიაში, ჰააგაში მოვხვდი ძველი წიგნების მაღაზიაში და იქ ვიყიდე „გოეთეს საუბრები ეკერმანთან“. აქედან დაიწყო ყველაფერი. ახლა ძალიან საინტერესო კოლექცია მაქვს. 

 

მას შემდეგ, რაც თბილისში წავედი, მშრალი ხიდი ჩემი საყვარელი ადგილია. იქვე, ახლოს ვცხოვრობ და კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ. ნაცნობები მყავს, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან, აი ეს არის გამოსული… ახლა, როცა თბილისში ჩავალ, ძველ ბათუმში გამოცემული წიგნი, ვოლტერის ქართული თარგმანი უნდა ვიყიდო, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ თარგმნა. ის სტამბაც აღნიშნულია, სადაც წიგნია დაბეჭდილი. ზოგადად, რაც სიძველეებთანაა დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

 

ახლა რასაც ვიტყვი, არავისთვის მითქვამს ჯერ. ვაპირებ ჩემი ახლო მეგობრებისთვის გავაკეთო დახურული გამოფენა ჩემთან სახლში, ძველი წიგნების და ძველი ბარათების. ჯერ არ იციან ამის შესახებ. ეს ძალიან კერძო გამოფენა იქნება, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისათვის.

 

 

პროფესია და ოცნება

 

არ ვნანობ, რომ იურისტი ვარ. იურიდიულ ნაწილში მაქვს ჩემი სფერო და ის, რაზეც მე ვმუშაობ, არის ძალიან შემოქმედებითი. ბავშვობაში სულ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი არქეოლოგი. ხანდახან ახლაც მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უარი ვთქვა ამ ყველაფერზე და ის ვაკეთო, რაც ძალიან მიყვარს. როცა ბათუმში ვარ და წვიმს, პირველი რაც მახსენდება, არის `ბერეგზე~ გასვლა. ფოტოების სიყვარულსაა მიბმული ძველი წიგნების სიყვარულიც. 

 

ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში, მქონდეს წიგნის მაღაზია, სადაც ერთ მხარეს იქნება წიგნები, რომელიც არ იყიდება. ეს იქნება გადაშლილი წიგნები, რომლებიც ყვებიან ისტორიებს. მაგალითად, მაქვს საფრანგეთის ისტორიის ძველი გამოცემა, სამტომეული. ერთ-ერთ ტომში ბასტილიის აღების დღე, რომელიც ყველაზე დიდი დღესასწაულია საფრანგეთში, არის დასურათებული. ეს წიგნი რომ ამ ფურცელზე გადაშლილი დადო, ეს უკვე ნიშნავს, რომ წიგნი ყვება ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას. 

 

დასასრულის მაგიერ

 

სადღაც მცხეთის შემდეგ გავიხედე ფანჯრიდან და აღმოვაჩინე, რომ დაბურული მინის მიღმა ღამე დღესთან აპირებდა გაყრას. გარეთ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული.

ყურსასმენები მოვირგე და მუსიკა ჩავრთე. ბრუბეკს ხან ჯობიმი ენაცვლებოდა, ხანაც მეჰლდაუ.

მერე ჩემი ფოტოების საქაღალდეებს მივადექი კომპში. „2ცა 1ბათუმი”, „მერისის ხეობის მთები“,  „უცნობი თბილისი“, „უსათაურო ბათუმი“ და უცებ გამახსენდა, რომ მე ხომ ღრმად ჩასასუნთქ ქალაქში ვბრუნდებოდი.

ღრმად ჩასასუნთქი ქალაქის გახსენებაზე ერთად წამოვიდა მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრის სურვილი, წვიმის შემდეგ სველ  „ბერეგზე“  ხეტიალი, იქაური ბოტანიკური, ჩემები და საერთოდაც…

დედა, მე სახლში ვბრუნდები.“

(ნაწყვეტი სულხან სალაძის ბლოგიდან  „დაწერილი ამბები”.)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: