მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება და 22 დაემატება

26.01.2017 • 2507
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება და 22 დაემატება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში პირველი თებერვლიდან რეორგანიზაციას აანონსებს. რეორგანიზაციის საფუძველზე სამინისტროში ორი ახალი დეპარტამენტი და ერთი ახალი სამსახური შეიქმნება, თუმცა, უშუალოდ სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება. პარალელურად სამინისტრო ქმნის ახალ აიპის, სადაც 22 ადამიანი დასაქმდება. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს მინისტრ, ლაშა კომახიძესთან.

ბატონო ლაშა, რა ტიპის რეორგანიზაცია იგეგმება სამინისტროში?

სოფლის მეურნეობს სამინისტროს  2017-2020 წლების განვითარების სტრატეგია მოვამზადეთ. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ფარავს ყველ იმ საკითხს, რის გაკეთებაც სამინისტროში საჭიროა. ძველი  სტრუქტურა, პოზიციები და სამინისტროს მოწყობა არანაირად არ ესადაგებოდა ახალ საჭიროებებსა და მიზნებს, სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, ჩვენ ვქმნით სამინისტროში ისეთ ახალ ერთეულს, როგორიცაა სოფლის განვითარების დეპარტამენტი ორი – მუნიციპალური და აგრობიზნესის განვითარების განყოფილებით, შეიქმნება პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელშიც იქნება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და საინვესტიციო-საგრანტო პროექტების განყოფილებები. ასევე შეიქმნება ახალი სამსახური – აგროპროექტების დაგეგმვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახური.  რეორგანიზაციამდე არ გვქონდა ისეთი ერთეულები, რომლებიც [თანამშრომლები] პასუხისმგებლები იქნებოდნენ აგრობიზნესთან ურთიერთობაზე,

რამდენი იქნება სამინისტროს საშტატო ნუსხა?  

რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტროში სამი დეპარტამენტი და ერთი სამსახური იქნება. რაც შეეხება შტატებს, ამ ეტაპზე სამინისტროში 68 შტატია, რეორგანიზაციის შემდეგ კი 60 დარჩება, ანუ რვა შტატით მოიკლებს, თუმცა იქნება 22-შტატიანი ერთი ახალი აიპი – „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ და თანამშრომლები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლდებიან, სწორედ ისინი განიხილებიან ახალი აიპის თანამშრომლებად. ამ ხალხს აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება და აიპში თითქმის იმავე სამუშაოს შესრულება მოუწევთ. სამინისტრო სამუშაო ადგილებს არ ამცირებს, პირიქით, აიპის შექმნით შტატები გაიზარდა.

რეორგანიზაცია შეეხება თუ არა მუნიციპალიტეტებში არსებულ აგროსერვისცენტრებს?

რეორგანიზაცია აგროსერვისცენტრებსაც შეეხება, მაგრამ არა თანამშრომლების შემცირების ან დამატების კუთხით, არამედ პროგრამული ნაწილი გაიზარდა, ადმინისტრაციული ხარჯები კი შემცირდა.

დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებულები არიან თანამშრომლები?

რა თქმა უნდა. ჩვენ სამი თვით ადრე გავაფრთხილეთ ყველა თანამშრომელი.

რეორგანიზაციის პროცესი აისახება თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე?

რეორგანიზაციის შედეგად საერთო სახელფასო ფონდი შემცირდება, რაც თანამშრომლების ოპტიმიზაციამ გამოიწვია. სამინისტროში ადრე ისეთი ბევრი განყოფილება იყო, რომლის საჭიროება არ არსებობდა. განყოფილებებს, შესაბამისად, განყოფილების უფროსები ჰყავდა, განყოფილების უფროსების ანაზღაურება კი გაცილებით მაღალია, ვიდრე მთავარი სპეციალისტის ხელფასი. ასეთი ტიპის ცვლილების ხარჯზე შემცირდება სახელფასო ფონდი.


ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: