კვირის ამბები,სიახლეები

ენმ უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს

26.01.2017 • 3310
ენმ უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა, უნივერსიტეტის შენობის 4 მილიონ ლარად გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ პროცესის შესაჩერებლად ისინი სარჩელს ამზადებენ:

“4 მილიონ ლარად ყიდიან უნივერსიტეტის იმ ქონებას, რომელიც ათეულობით მილიონი ლარი ღირს… ჩვენ აუქციონის დღესაც და მანამდეც ვგეგმავთ შესაბამისი სარჩელის მომზადებას, დღესვე წერილობით მივმართავთ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს. იმისთვის რომ გავასაჩივროთ და გავაპროტესტოთ ივანიშვილისა და  უნივერსიტეტის რექტორის ეს მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება უნივერსიტეტს… უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი… სტუდენტებტან ერთად ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, ვითხოვთ რომ აუქციონი შეწყდეს და კარგად გააზრებული ნაბიჯებით მოხდეს ეს ყველაფერი. ” – ამბობს რევაზ ხარაზი.

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით, “ბათუმელები” აქამდეც წერდა.  აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. სამინისტროს პირობის თანახმად ქონების საფასურის ნაწილი [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.

 

ამავე თემაზე: ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე 

გადაბეჭდვის წესი