მთავარი,სიახლეები

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

26.01.2017 • 15836
400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოს, სადაც 21 დეპუტატია, 18 ავტომანქანა ემსახურება. აქედან ორი – უშუალოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს , „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენ კრუიზერი“. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად, 2017 წელს გასახარჯი საწვავის რაოდენობა 87 000 ლიტრი იყო, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 128 ათას 250 ლარი უნდა დაიხარჯოს.

გასულ წელს უმაღლეს საბჭოში 74 050 ლიტრი საწვავი გაიხარჯა, რაშიც საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 103 ათას 595 ლარი დაიხარჯა. ამასთან, შარშან სექტემბერ-ოქტომბერში უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთ, რიგით მე-19 ავტომანქანაზე 1040 ლიტრი საწვავი აქვს გაცემული. ეს ავტომანქანა, როგორც უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, ნაქირავები იყო და ის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ჯემალ ფუტკარაძეს ემსახურებოდა.

უმაღლეს საბჭოში ერთ ავტომანქანაზე ლიმიტით მაქსიმუმ 400 ლიტრი საწვავი გაიცემა ერთი თვის განმავლობაში.

გასულ წელს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს, წლის განმავლობაში ერთ ავტომანქანაზე [„ტოიოტა კამრი“, სახ. ნომერი: SCA – 001] მთელი წლის ლიმიტი [4 800 ლიტრი]  ნოემბრის თვეში უკვე გახარჯული ჰქონდა. მეტიც, 11 თვეში წლიურ ლიმიტზე 126 ლიტრით მეტი იყო გახარჯული. მიუხედავად ამისა, ამავე ავტომანქანაზე დეკემბრის თვეში დამატებით 265 ლიტრი საწვავი გაიცა. ამ თვეში კი, აღნიშნული ავტომანქანით უკვე ახალი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სარგებლობდა.

ავთანდილ ბერიძეს მისი თავმჯდომარეობის ბოლო თვეში, გასული წლის ნოემბერში, ყველაზე მეტი საწვავი აქვს გახარჯული – ორივე ავტომანქანაზე 948 ლიტრი. საბჭოდან მოწოდებული ინფორმაციით, თავმჯდომარის ავტომანქანებზე ავთანდილ ბერიძის თავმჯდომარეობის პერიოდში, გასული წლის 11 თვეში, სულ 8 378 ლიტრი საწვავი, ხოლო დეკემბერში, დავით გაბაიძის თავმჯდომარეობისას – 644 ლიტრი საწვავი გაიხარჯა.

უმაღლესი საბჭოს სატრანსპორტო განყოფილების უფროსის, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, თავმჯდომარის ავტომანქანებისთვის გამოყოფილი საწვავის [თვეში 800 ლიტრი, ორ ავტომანქანაზე] რაოდენობის გადათამაშება ხდებოდა თვეების მიხედვით და ამ ავტომანქანებზე ჯამში, წლის განმავლობაში ლიმიტით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები საწვავი გაიცა.

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 11 თვის ლიმიტით გათვალისწინებული საწვავიდან ყველაზე მეტი [თავმჯდომარის გარდა] გახარჯულია ავტომანქანებზე, რომლებიც ემსახურებოდა მაშინდელ დეპუტატებს: ირაკლი ჯაშს  [4395 ლიტრი], მერაბ აბაშიძეს [4393 ლიტრი], თემურ კახიძეს [4116 ლიტრი], ანზორ თხილაიშვილს [4387 ლიტრი], რობერტ ჩხაიძეს [4395 ლიტრი]; ასევე ერთ-ერთ მორიგე ავტომანქანაზე – „გრეიდ ვოლ ვინგლი“, SC502AU – გახარჯულია 4403 ლიტრი საწვავი.

რაც შეეხება ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, გასული წლის დეკემბრის თვეში გაიხარჯა საწვავი შემდეგი ოდენობით [ლიტრი]:

avtooo


2017 წელს უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანზე [წევრების ჩათვლით] ხელფასებში სულ დაიხარჯება 3 მილიონ 464 ათასი ლარი. აქედან:

  • თანამდებობრივი სარგო – 1 943 520 ლარი;
  • პრემია – 24 600 ლარი;
  • დანამატი – 930 080 ლარი;
  • კომპენსაცია [სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება] – 565 800 ლარი.

გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:

  • ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
  • მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
  • სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.

უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 4 მილიონ 846 ათას 800 ლარი დაიხარჯება. აქედან ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 226 ათასი ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: