მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორი: საქმისმწარმოებელი, რომელმაც პედაგოგებს სცემა, სკოლას დატოვებს

26.01.2017 • 2525
სკოლის დირექტორი: საქმისმწარმოებელი, რომელმაც პედაგოგებს სცემა, სკოლას დატოვებს

ხულოში, სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში, დღეს არ გამოცხადებულა საქმისმწარმოებელი ინეზა ხარაბაძე, რომელმაც პირველი კლასის მასწავლებელს, კოლეგასა და მეზობელს, დავით ხარაბაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დავით ხარაბაძეს გაკვეთილზე, ბავშვების თვალწინ, თავში ჯოხი ჩაარტყა, შემდეგ კი სამასწავლებლოში მასწავლებლებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია სკოლის ინვენტარი.

სკოლაში ვარაუდობენ, რომ 27 წლის საქმისმწარმოებლის გაღიზიანების მიზეზი ბიულეტენიდან გამოსული მასწავლებელი, დავით ხარაბაძე გახდა, რომლის ნაცვლადაც ინეზა ხარაბაძე ატარებდა გაკვეთილებს.

ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე ამბობს, რომ  ინეზა ხარაბაძე სკოლას დატოვებს:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქმისმწარმოებელი გავათავისუფლოთ თანამდებობიდან. რადგან მას საათები დროებით ჰქონდა, ამაზეც დისციპლინური წესით საღამოს ბრძანება გამოიცემა. სისხლის სამართლის მუხლითაა საქმე აღძრული, სკოლაში დაზიანებები მიიღეს მასწავლებლებმა და გამოსულია მწყობრიდან სასკოლო ნივთები, კომპიუტერები და სხვა,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

დირექტორის თქმით, ინეზა ხარაბაძე მეოთხე წელია სკოლაში მუშაობს საქმისმწარმოებლად და მანამდე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

როგორ მოახერხა საქმისმწარმოებელმა ხუთი პედაგოგის ცემა? დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგები თავს იცავდნენ: „ხელს იფარებდნენ, ზოგი ხუმრობაშიც კი თვლიდა, ისე დაუჯერებელი ამბავი იყო. ხან ჯოხი ეჭირა ხელში, ხან რკინის ბლაგვი საგანი – რაც მოხვდებოდა ხელში. თავიდან მოვიდა ჯოხით, ვიფიქრეთ, რომ ეს მოიტანა დასაბჯენად, რადგან გზა გაყინულია. თურმე თავდასხმას გეგმავდა, ამას ჩვენ ვვარაუდობთ. “

ავთანდილ ძირკვაძე ამბობს, რომ სკოლა ამ ინცინდენტის შეფასებისას ერთიანია: „მთელი სკოლა უნდობლობას უცხადებს, დედამისიც სკოლაში ასწავლის, იმასაც უნდობლობას უცხადებენ, სავარაუდოდ მასზეც დაიწყება დისციპლინური წარმოება, იმიტომ, რომ ინცინდენტის მონაწილეა და მან დირექტორის მოადგილეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. არც მოსულა სკოლაში მას შემდეგ, ბოდიში არ მოუხდია პედაგოგებისთვის.“

კითხვაზე, რატომ ატარებდა საქმისმწარმოებელი გაკვეთილებს სკოლაში ბიულეტენში გასული პედაგოგის ნაცვლად, სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ ეს ხულოში პედაგოგთა დეფიციტითაა გამოწვეული:

„ხანდახან სკოლის დირექტორები იძულებული ვართ, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ მინიმალურ დონეზე მაინც იყოს სწავლება. ინეზა ხარაბაძეს ოთხი საათი ჰქონდა პირველ კლასში, ხელოვნება და მუსიკა. მას არ უნდა ეფიქრა, რომ შეუნარჩუნდებოდა ეს საათები, საქმისმწარმოებელია, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულოში, სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

ტუნაძეების სკოლაში მომხდარ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტროც სწავლობს. როგორც სამინისტროში უთხრეს „ბათუმელებს“, დღეს ხულოში, ტუნაძეების საჯარო სკოლაში, ვითარებას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: