მთავარი,სიახლეები

ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

26.01.2017 • 2077
ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

17 მარტამდე ნებისმიერ მოქალაქეს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა შეუძლია. ხელისუფლება თავდაჯერებულია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეს ერთობლივი პროგრამა ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. რატომ ამბობს  მოქალაქეების უმეტესობა ჯერჯერობით ე.წ. ლარიზაციაზე უარს და რა რისკებს შეიცავს დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანა? „ბათუმელები“ ფინანსისტს, გიორგი ქათამაძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, რა პირობებით სთავაზობენ მსესხებლებს დოლარში აღებული სესხის გალარებას?

მთავარი გზავნილი, რაც მოქალაქეებამდე მივიდა არის ის, რომ მსესხებელს 2015 წლის პირველ იანვრამდე აღებული სესხის გალარება შეუძლია, მაგრამ ამ პროცესს ახლავს სხვადასხვა სახის დაბრკოლება. თუ ფიზიკური პირი რჩება იმავე ბანკში, ეს მისთვის უფრო კომფორტულია: თავისუფლდება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისგან, დამატებითი გადასახადებისგან და საკმარისია მხოლოდ მისი განაცხადი ლარიზაციაზე. სესხის სხვა ბანკში გადატანის შემთხვევაში,  მსესხებელმა უნდა წარადგინოს ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, არადა, შესაძლოა, ადამიანს  შეცვლილი ჰქონდეს სამსახური, აღარ ჰქონდეს იგივე ხელფასი და იმავე რაოდენობით სესხზე ხელმისაწვდომობა აღარ ჰქონდეს. რამდენიმე მომენტია, რის გამოც მსესხებელს ურჩევნია იმავე ბანკში ისარგებლოს ლარიზაციით, ვიდრე სხვა რომელიმე აარჩიოს.

რატომ იკავებენ მოქალაქეები თავს იმავე ბანკში დარჩნენ და დოლარში აღებული სესხი ეროვნულ ვალუტაში გადმოიტანონ?

პირველი არის ის, რომ ბანკმა შესაძლოა კლიენტს შესთავაზოს ისეთი პირობა ლარში, რაც ბანკისთვის უფრო იქნება მისაღები. ეროვნულ ბანკს ლარში გასაცემი სესხისთვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი არ დაუწესებია. მაგალითად, თქვენ გაქვთ სესხი აღებული დოლარში 8 პროცენტად, ლარიზაციის შედეგად კი, შესაძლოა ბანკმა შემოგთავაზოთ 13 პროცენტი ლარში და თქვენი ხარჯი იგივე დარჩეს, რის გადახდაც დოლარში გიწევდათ. გარდა ამისა, ეს პროცენტი შეიძლება იყოს მცოცავი, რადგან იგი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნულ ბანკს შეზღუდვები ამ კუთხით არ დაუწესებია.

ამ დროს ბანკებს შორის კონკურენციის მომენტი არ აქტიურდება?

ქართულ საბანკო სექტორში არ ჩანს, რომ გალარების პროცესში კონკურენცია არის მაღალი. ვინაიდან მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, მცოცავია საპროცენტო განაკვეთი, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და ასე შემდეგ, კონკურენცია არ იგრძნობა. ლარიზაციის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მოახდენს პოზიტიურ გავლენას, თუმცა ამ ეტაპზე ჩანს რისკი, რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილი ისევ ამჯობინებს დოლარში დაიტოვოს სესხი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სესხის ლარში გადმოტანის დროს, კონვერტაციას ოფიციალურ კურსთან შედარებით 20 თეთრით ნაკლებით იანგარიშებენ ბანკები. ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტისთვის?

რა თქმა უნდა, ეს არის შეღავათი იმ შემთხვევაში, თუ დოლარი არ გააგრძელებს შემდგომ ზრდას. ეს მდგომარეობა ქმნის კომფორტულ პირობას იმ კლიენტებისთვის, ვისაც მობილიზებული აქვთ სესხის დასაფარი თანხა დოლარში. მას შეუძლია გადაალაროს ეს სესხი მინუს ოცი თეთრით და პირიქით, მოგება მიიღოს. სხვა კლიენტების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს 20 თეთრიანი დანაკლისი რეფინანსირების ხარჯზე დაიფაროს ისევ კლიენტის მიერ.

შეუძლია თუ არა მოქალაქეს ლარიზაციის შემდეგ იმავე ვადებით ისარგებლოს, რაც დოლარში აღებული სესხის დროს ჰქონდა?

ბანკების უმრავლესობას ვადები აქვთ ფიქსირებული. ბანკების ერთ ნაწილს მცირე ვადები აქვთ დაწესებული ლარში აღებული სესხის დასაფარად. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რაც კლიენტს დისკომფორტს უქმნის, რადგან შესაძლოა ლარში მისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთით გადმოიტანოს სესხი, მაგრამ მის დასაფარად გაცილებით ცოტა დრო ჰქონდეს და ყოველთვიური ხარჯი შესაძლოა იგივე ჰქონდეს, რაც აქამდე ჰქონდა. ზოგადი პრონციპების მიხედვით, ეს მიუღებელია, მაგრამ ბანკი, რომელსაც ფიქსირებული აქვს ოფიციალურად სესხის ვადა ლარში, ვერ მოერგება მოქალაქეს. მოქალაქე იძულებული ხდება მოძებნოს სხვა, მისთვის ხელსაყრელი ბანკი.

როგორ აისახება ეს პროცესი იურიდიულ პირებზე, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე?

იურიდიულ პირებს ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მათ აქვთ საშუალება, ისარგებლონ საბანკო გარანტიებით, რომლებიც არსებობს უცხოურ ვალუტაში. მათ შეუძლიათ ასევე კონვერტაციის ხარჯი საერთო ხარჯებში გაწერონ. ამ ორი ფაქტორით სარგებლობა არ შეუძლიათ მცირე მეწარმეებს, ვისაც სესხი დოლარში აქვთ. მათ არც საბანკო გარანტიები აქვთ და არც ბუღალტერია ხშირ შემთხვევაში ისე მოწყობილი, რომ კონვერტაციის ხარჯები საერთო ხარჯებს მიაბან. ეს პროცესი მცირე მეწარმეების შემთხვევაში ნეგატიურად აისახება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: