სიახლეები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

26.01.2017 • 3365
საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი].

2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 312 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი – 179 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 169 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2892 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 29 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2619 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 619 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 6 პროცენტი]. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 5 პროცენტი].

2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი – 3030 მლნ. აშშ დოლარი [20 პროცენტით მეტი].

ხოლო, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა [2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები]. აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო [1 პროცენტით მეტი].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: