როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე


„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“.

ესმა ცეცხლაძის და მახვილაურში მცხოვრები ათეულობით ოჯახის დოკუმენტებს ამჟამად ბათუმის მერიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავს, თუმცა ამის შესახებ თავად მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ. კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბოლქვაძემ გვითხრა, რომ  სავარაუდოდ ესმას ოჯახის მიწის საკუთრების აღიარება ვერ მოხდება, რადგან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ დგას:

„ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ხელვაჩაურის კომისიის პასუხს. შესაძლოა, 2009 წლამდე, ვიდრე კანონი შეიცვლებოდა, მანადე აღიარეს მიწის საკუთრება ამ ოჯახისთვის, ან მანამდე გაუქმდა და ამას აქვს შესაბამისი საფუძველი. ჩვენ საჯარო რეესტრის სააგენტომ გასული წლის ნოემბერში მოგვმართა მახვილაურში მცხოვრები ოჯახების მონაცემების გადასამოწმებლად“, – ამბობს ირაკლი ბოლქვაძე, ბათუმის მერიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელი.

„უმჯობესია, მოქალაქეებმა რეესტრში საბუთების შეტანამდე, პირდაპირ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას მიმართონ,“ – გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტმა, ნინო სიორიძემ.

იურისტი განმარტავს, რომ გასული წლის ბოლოს ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული გახდა მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია თავად მოაგროვოს, მიმართოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს და ზუსტი ინფორმაციის მიღების შემდეგ დაარეგისტრიროს ქონება.

არის თუ არა ვალდებული საჯარო რეესტრი მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეს საქმის წარმოების შესახებ? – იურისტი ნინო სიორიძე ამბობს, რომ ვალდებულია, თუმცა შეიცვალა ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ნებისმიერ პირს, ვინც საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა, შეუძლია თავისი პირადი ნომრით საჯარო რეესტრის სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე მოიძიოს ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ: „რეესტრს აღარ აქვს ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს“.

საჯარო რეესტრს არც საქმის განხილვის ვადებშია შეზღუდული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ განმარტავენ, რომ რეესტრმა 2018 წლის იანვრამდე უნდა დაასრულოს თვითნებურად დაკავებული მიწების საკუთრებად აღიარების საქმეების შესწავლა.

საბოლოოდ საჯარო რეესტრისგან უარყოფით პასუხს მიიღების შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ერთი არჩევანი რჩებათ მიწის დასაკუთრებისთვის – აუქციონის გზით მისი შეძენა. ამ დროს მიწის არამართლზომიერ მფლობელს უპირატესობა არ მიენიჭება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი