მთავარი,სიახლეები

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

25.01.2017 • 2097
აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს.

თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლი სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთით დასჯასაც ითვალისწინებს.

ბრალდებულების ახლობლების თქმით, ვაჟა ხ.-ს ნარკოტიკი ჩაუდეს, იძულებით ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში და 6 საათის განმავლობაში სცემდნენ. შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაზეც პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ უარი თქვა. გენეტიკური ექსპერტიზით ნარკოტიკების შეფუთვაზე შემორჩენილი თითის ანაბეჭდების გამოკვლევა ხდება.

„პროკურატურამ მიიჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები ისედაც არსებობს საქმეში, თუმცა ძირითადად პოლიციების ჩვენებებია წარმოდგენილი,“ – გვიყვება მერი ცინარიძე, ბრალდებულის ადვოკატი. განმარტავს, რომ პროკურორს არ ჰქონდა გენეტიკურ ექპერტიზაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო ბრალდებულის ახლობლებს ამისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდათ. გენეტიკური ექსპერტიზა დაახლოდებით 3 000 ლარი ჯდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გენეტიკურმა ექსპერტიზამ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები საეჭვო გახადა. ერთ-ერთი მათგანი კობა კვირიკაძეა, რომლის საქმეზეც გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და მისი თითის ანაბეჭდი მისი ჯიბიდან ამოღებულ ნარკოტიკზე საერთოდ არ აღმოჩნდა. კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასული წლის აგვისტოში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ბრალდებული ვაჟა ხ. კი, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო. ადვოკატის, მერი ცინარიძის თქმით, მან დაკავების დროს ამჯერადაც აღიარა დანაშაული, თუმცა შემდეგ, წინასწარი პატიმრობის ეტაპზე უარყო. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უკვე მოსმენილი აქვს პროკურორის საბოლოო სიტყვა. დღეს სასამართლო მხოლოდ ადვოკატის ბოლო საკამათო სიტყვას მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: