ლარი ფული

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა.

აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]:

ხელფასები 2016

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის თვეში, ხელფასის სახით აიღო 2720 ლარი, ხოლო დანამატის სახით – 2 040 ლარი; მინისტრის პირველმა მოადგილემ 1 258 ლარი ხელფასი და 1 597 ლარი დანამატი; მინისტრის ორმა მოადგილემ კი, თითოეულმა ჯამში – 2 614 ლარი; ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა კი, ამავე თვეში – 2464 ლარი.

ფინანსთა სამინისტროში წინასაახალწლოდ, ჯამში, 82 720 ლარი პრემია დარიგდა. ვინ აიღო პრემია, სამინისტრო არ ასაჯაროებს.

ჯანდაცვის სამინისტროში, გასული წლის დეკემბერში, მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ხელფასის სახით 1236 ლარი აიღო, ხოლო დანამატის სახით 927 ლარი; ამ სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილეს ჯამში 2 596 ლარი აქვს აღებული დეკემბერში, ხოლო ორ მოადგილეს, თითოეულს 2 636 ლარი, ხოლო მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს – 2 016 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტროში წინასაახალწლოდ 44 951 ლარი პრემია გაიცა. მაქსიმუმი 825 ლარი იყო, მინიმუმი კი -425. სამინისტროში პრემია საახალწლოდ თითქმის ყველა თანამშრომელმა აიღო მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მრჩევლების გარდა.

განათლების სამინისტროში, დეკემბერში, მინისტრმა ინგა შამილიშვილმა 1 236 ლარი ხელფასი და 927 ლარი დანამატი აიღო.

წინასაახალწლოდ განათლების სამინისტროში 46 360 ლარი გაიცა პრემიებში. მაქსიმუმი 1 540 ლარი იყო დეპარტამენტის უფროსებისთვის, ხოლო ყველაზე დაბალი – 425 ლარი ტექნიკური მუშაკებისთვის. მინისტრისა და მოადგილეების გარდა ამ სამინისტროშიც თითქმის ყველამ მიიღო პრემია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გასული წლის დეკემბერში, მინისტრმა ლაშა კომახიძემ ხელფასი 2 720 ლარი აიღო, ხოლო დანამატი – 2 040; მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამში 2202 ლარი; ორმა მოადგილემ – თითოეულმა 2 947 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მოადგილემ – 2 016 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც პრემიები წინასაახალწლოდ ანალოგიური წესით გაიცა, როგორც სხვა სამინისტროებში.

„ბათუმელებმა“ აჭარის სამინისტროებიდან თანამშრომლებზე ინდივიდუალურად გაცემული თანამდებობრივი სარგოს [ხელფასების], დანამატებისა და პრემიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. ოთხიდან ერთმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მონაცემები ინდივიდუალურად, თანამშრომლებზე, არ მოგვაწოდა. სამინისტრომ მხოლოდ თანამდებობის პირების სახელი და გვარი მიუთითა, სხვა თანამშრომლების – არა. არადა, პრემიები, ფაქტობრივად ყველა სამინისტროში სწორედ თანამდებობის არმქონე პირებზეა გაცემული, თანაც რამდენჯერმე, წლის განმავლობაში.

„კონკრეტული ფიზიკური პირის  [სახელი, გვარი] ხელფასის, დანამატისა და პრემიის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. პერსონალური მონაცემების მესამე პირზე გადაცემა კი დასაშვებია მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ასევე მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. ​

მთავარი სპეციალისტის, განყოფილების უფროსის, დეპარტამენტის უფროსის კონკრეტული სახელი-გვარის მითითება შესაძლებელია,  თუ ისინი თანამდებობის პირები იქნებოდნენ, ვინაიდან თანამდებობის პირების შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსხვავებული მიდგომაა“ – მოგვწერეს სამინისტროდან და ხელფასების შესახებ ინფორმაციაში მხოლოდ მინისტრისა და მისი მოადგილეების სახელი და გვარი მიუთითეს. თან დაამატეს, რომ ამ პირებზე პრემია არ გაცემულა.​

​იურისტი სულხან სალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით, კანონმდებლობის ინტერპრეტაციის საფუძველზე და სასამართლო პრაქტიკაც მიუთითებს იმაზე, რომ დანამატისა და პრემიის ნაწილში ხდება იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც დაკავშირებულია თანამდებობის პირების მიერ მიღებულ დანამატსა და პრემიასთან, ხოლო სხვა დანარჩენი თანამშრომლების შემთხვევაში, საუბარია მათზე ჯამურად გაცემულ პრემიაზე.

„თუმცა, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამდებობრივი სარგო არის საჯარო ინფორმაცია და ადამიანი იღებს მას კონკრეტული გაწეული სამუშაოს შედეგად, ამავე ლოგიკით, თუკი ის უფრო კარგად და უფრო რთულ დავალებას  ასრულებს და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვაძლევთ პრემიას, ეს ინფორმაციაც უნდა იყოს ღია. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან მკაფიოდ არ მიჯნავს რა განსხვავებაა პრემიას, დანამატსა და თანამდებობრივ სარგოს შორის. თითოეული მათგანი განიხილება როგორც საჯარო მოხელის მიერ შესაძლო მიღებული ანაზღაურება“ – აცხადებს სულხან სალაძე.

იურისტის თქმით, „საუბარი იმაზე, რომ ეს არის პერსონალური მონაცემები [თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასეა], არ ნიშნავს რომ მოექცეს მკაცრი დაცვის ქვეშ. არაერთი შემთხვევა არსებობს პრაქტიკაში, როდესაც თანამდებობის პირების მიღმა არსებულ სხვა ჩინოვნიკებზე თუ საჯარო მოხელეებზე მოთხოვნილი ინფორმაცია ერთ უწყებას გაუცია, ხოლო მეორე უწყებას, იგივე კატეგორიის თანამშრომელზე მოთხოვნილი ინფორმაცია, არ გაუცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ მიმართუულებით სათანადოდ ჩამოყალიბებული ხედვაც არ არსებობს. ეს ერთი და მეორე, ამ ტიპის ინფორმაცია თავისი არსით არ უნდა წარმოადგენდეს დახურულ ინფორმაციას“.

სულხან სალაძე ხაზს უსვამს, რომ „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რაში ხარჯავენ საჯარო მოხელეები თანამდებობრივ სარგოს, დანამატსა თუ პრემიას, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა დამსახურების გამო, რა ოდენობის თანხა მიიღო ამა თუ იმ საჯარო მოხელემ – არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელფასია, დანამატი თუ პრემია. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის თანხა, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების გადასახადების შედეგად გროვდება და შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ამ ტიპის ინფორმაციას ფლობდეს“.

მიმდინარე წელს, აჭარის ოთხ სამინისტროში ჯამში 6 მილიონ 45 ათას 700 ლარია გათვალისწინებული ზოგადად ხელფასებისთვის.

აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათზე გასაცემი ხელფასების ოდენობა [ლარი]:

es2017

აჭარის სამინისტროებსა და მთავრობის აპარატს ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ერთ დღეს [მიმდინარე წლის 13 იანვარს] მივმართეთ, თუმცა, მთავრობის აპარატისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, გაცემული პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაცია [სახელისა და გვარის მითითებით] არც რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ მოგვაწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com