მთავარი,სიახლეები

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

25.01.2017 • 4676
რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი.

შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და გვირაბთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გეოლოგებმა დამატებით იმუშავეს, რომ მსგავსი შემთხვევა კიდევ არ განმეორდეს.

„დაახლოებით ხუთი მეტრის მონაკვეთში ჩამოწვა მეწყერი, რაღაც ნაპრალივით იყო და იმ მონაკვეთში. დასკვნა არსებობდა, თუმცა ასეთ პატარ-პატარა მეწყრებს წინასწარ ვერ გათვლი“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვას, თუ არის ცნობილი, რა ზიანი მიადგა გარემოს,  კომპანიის დირექტორმა უპასუხა, რომ ზიანი დიდი არ არის: „პატარა კლდე ჩამოიშალა მხოლოდ, დაახლოებით ხუთმეტრიან მონაკვეთზე, სადაც გვირაბი გამოდის. სხვა არაფერი არ დაზიანებულა“.

ფაქტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვს ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს.  მისი თქმით, ჩამოიშალა არა კლდე, არამედ  გვირაბის ახლად ჩამოსხმული ნაწილი.

„მე არ ვყოფილვარ ადგილზე გასული, თუმცა სოფელ ჭახათის გამგებელს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ უმნიშვნელო დაზიანება იყო, რომელიც შეარემონტეს. გვირაბის ნაწილი ახალი ჩამოსხმული იყო და ის ჩამოინგრა და არა კლდე“.

„ბათუმელები“ კინტრიშის ხეობაში სოფელ ჭახათის რწმუნებულს, ნუგზარ დავითაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც  გვითხრა, რომ  გვირაბის ნაწილი კლდის ჩამონგრევის გამო დაზიანდა:

„მთის ქედი ჩამოიშალა, მაგრამ ეს არ ყოფილა დიდი მასა, დაახლოებით ორი „კამაზი“ მიწა იყო. დიდი ზიანი რომ ყოფილიყო, ზედამხედველობის სამსახური მოვიდოდა და დააჯარიმებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა“.

ნუგზარ დავითაძის  თქმით, მიწა გვირაბის დატესტვის შემდეგ ჩამოიშალა. „დატესტვის მიზნით ცოტა წყალი იყო გაშვებული წესის მიხედვით. იქ რაღაც მოხდა, პრობლემა შეიქმნა, თუმცა უმნიშვნელო“, – გვეუბნება ის.

სოფლის რწმუნებული იმასაც დასძენს,  რომ ეს თემა „სალაპარაკოდ არ ღირს“, რადგან დაზიანება უმნიშვნელო იყო. „მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი ამ ჰესის მშენებლობის, ამიტომ იქ რომ რაიმე სერიოზული მომხდარიყო, პირველი მე ავტეხდი აჟიოტაჟს“, – ამბობს ნუგზარ დავითაძე.

ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი პაატა ფხალაძე ამბობს, რომ ამჟამად პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. იგივე კომპანია – „ჰიდრო დეველოპმენტი“ მუშაობს ჰესების მშენებლობაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთშიც, თუმცა პაატა ფხალაძის თქმით, ამ რეგიონებში მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

კინტრიშის ხეობაში ჰესის მშენებლობას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირინე სვანიძე ამბობს, რომ ჰესთან მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან, თუმცა მათ ჰქონდათ რეკომენდაციები, რომელიც ჰესის მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოდ იქნა გათვალისწინებული.

„სანამ ნებართვა გაიცემოდა, ჩვენ ჩართული ვიყავით და როგორც კომპანიას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს მივაწოდეთ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები. პროექტი მდინარის წყლის 90 პროცენტის და მხოლოდ 10 პროცენტის დატოვებას ითვალისწინებდა, შესაბამისად, პროექტის ამ სახით განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, რადგანაც ჰესი იყო დერივაციული ტიპის და მდინარის წყლის მცირე ნაწილის დატოვება გარდაუვალ ზემოქმედებას მოახდენდა.

ასევე, არ იყო შეფასებული რა გავლენას მოახდენდა პროექტი გრუნტის წყლებზე, საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენილი, რა ზეგავლენას მოახდენდა სოფლების მოსახლეობაზე და ა.შ. აქედან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იქნა გათვალისწინებული, თუმცა რეკომენდაცია, რომ მდინარის წყლის 90 პროცენტი არ უნდა აეღოთ, არ გაუთვალისწინებიათ“, – ამბობს ირინე სვანიძე.

„კინტრიში ჰესს“ თავდაპირველად კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებდა. მოგვიანებით კომპანიამ უარი თქვა ჰესის აშენებაზე, მისი დაცული ტერიტორიის სიახლოვეს ყოფნის გამო. საქართველოს მთავრობამ „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისთან“ კინტრიშის ჰესის მშენებლობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი 2012 წელს გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიას ჯერ მშენებლობის და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა მოპოვებული არ ჰქონდა, 2012 წლის გაზაფხულზე კინტრიშის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

ამავე თემაზე: 

ეკოლოგიური დასკვნა კინტრიში ჰესის მშენებლობაზე

ადიდებული მდინარე კინტრიში [ვიდეო]  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: