მთავარი,სიახლეები

ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

24.01.2017 • 2717
ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ხუცუბნის ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთის გაფართოება იგეგმება.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გაფართოება „უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგეგმება“, რადგან გზის ამ ნაწილში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

გამგეობა გზის გაფართოებას ხეების მოჭრის ხარჯზე აპირებს. „ხუცუბნის მოსახლეობის მოთხოვნაა რომ გზა გაფართოებულიყო, თუმცა, ჩვენ დაველოდებით საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“ – გვეუბნება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი გზის გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოხდება თუ არა ეს იმ მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ხარჯზე, რომელიც გზის გასწვრივ მდებარეობს? – გამგებელმა გვიპასუხა: „ნებართვა ხის მოჭრაზე მე უნდა გავცე, მაგრამ ჯერ ველოდებით საგზაო დეპარტამენტის დასკვნას, მოხერხდება თუ არა გზის გაფართოება. მესმის, რომ შეიძლება ხის მოჭრა დაგვჭირდეს, მაგრამ გზა სამი მეტრით გაფართოვდება და ორივე მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს ხილვადობა ექნება. ყველაზე დიდი ხეები არის ჭადრის, რომელიც წინ არის გამოწეული, თუმცა იქ სხვა ნარგავებიცაა“.

გამგებელი, ჭადრის ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

გამგებელი გზის გასწვრივ მდებარე ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს. /ფოტო: ქობულეთის გამგეობა/

კითხვაზე, ხეების მოჭრის ნაცვლად, ხომ არ უფიქრია გამგეობას სხვა ალტერნატივაზე, – მაგალითად, სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებაზე? გამგებელი ამბობს, რომ  ერთ-ერთ საკითხად ესეც შეიძლება განიხილონ, მაგრამ „რამდენად იმუშავებს? შუქნიშანიც არის, ნიშნულებიც, მაგრამ აზრი მაინც არ აქვს“.

თუ მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, ის გზის გაფართოების შემთხვევაშიც ხომ დაარღვევს? – ვეკითხებით გამგებელს, რაზეც ის გვპასუხობს, რომ გზის გაფართოება მოსახლეობის სურვილია, თუმცა არ აკონკრეტებს სოფლის რამდენი მაცხოვრებელი ითხოვს ხეების მოჭრას.

გამგებლის თქმით, ამ საკითხს სამართლებრივად გადაჭრიან. „ვნახოთ რა გამოვა“ – გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი