მთავარი,სიახლეები

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

24.01.2017 • 5300
ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ სპეციალური კომისიაც კი არ შეუქმნია.

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში. ფოტო:

მეწყრული მასა სოფელ ქვემო თხილვანაში / ფოტო:აჭარის გეოლოგიის სამსახური /

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის განსახლებას 62 ოჯახი საჭიროებს. თუმცა პრობლემაზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფში ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი მონაცემი, კონკრეტულად რამდენი ოჯახია დღეს განსასახლებელი. „ჩვენ სოფელში აღვწერეთ 101 სახლი და ახლა ვაზუსტეთ აქედან რამდენში ცხოვრობს ოჯახი და რამდენში არა“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მეწყერის ჩამოწოლიდან 14 დღის შემდეგ. რამაზ ჯინჭარაძე ამ ჯგუფის მუშაობაშია ჩართული.

10 იანვრიდან დღემდე ხელისუფლება ცდილობს დაითანხმოს მოსახლეობა სხვადასხვა პირობით განსახლებაზე, მაგრამ მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლომდე ვერ ენდობა ხელისუფლებას და კვლავ რჩებიან უზარმაზარი მეწყერული მასის პირისპირ…

პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ მოსახლეობას სამი თვით საცხოვრებელი ბინების დაქირავება შესთავაზა. ამ სამ თვეში უნდა გადაწყვეტილიყო, საბოლოოდ რომელ ოჯახს რა საცხოვრებელს შეთავაზებდნენ. ამ წინადადებას მოსახლეობა არ დასთანხმდა.

მოგვიანებით მთავრობა ქვემო თხილვანელებს დაბა ხულოში მდებარე სოციალურ სახლში ბინებს დაჰპირდა მიწის ნაკვეთის გარეშე. მოსახლეობას კი უთხრეს, რომ ქვემო თხილვანაში მიწის ნაკვეთები დარჩებოდათ საკუთრებაში. მოსახლეობა აცხადებს, რომ დაბა ხულოში ჩასახლების შემთხვევაში ისინი მიწის დამუშავებს, სიშორის გამო, ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, უმიწოდ და პირუტყვის გარეშე სოციალურ სახლში ცხოვრებაზე მათი უმრავლესობა უარს აცხადებს.

თხილვანაში მცხოვრები ნათელა შაინიძე ბათუმელებს“ სწორედ ამაზე ესაუბრა: „იქ რა ვჭამო მერე?… მიწა რომც მქონდეს, რაფერ უნდა ვიარო იქიდან სოფელში? დილის რვაზე რომ წამოხვიდე იქიდან, 12-ზე თუ იქნები სოფელში კაია. მერე საღამოს ვეღარ წახვალ. შენი მანქანა უნდა გყავდეს მაშინ. მირჩევნია, ფული მომცენ და მივხედავ ჩემს თავს, მიწის ნაკვეთს ვიყიდი სადმე, კიტრის დავრგავ, ლობიოს მოვიყვან…“

„უკვე გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები. ეს არის მაქსიმუმ 25 ათასი ლარის ფარგლებში დახმარება, როცა ოჯახი თავად ეძებს ახალ საცხოვრებელ ადგილს და თანხას აჭარის ბიუჯეტიდან ვურიცხავთ სახლის შესაძენად; მეორე, ეს არის ბინის გადაცემა ხულოს სოციალურ სახლში და მესამე – ქირა 300 ლარის ოდენობით თვეში, დროებით, ვიდრე ოჯახზე დახმარების საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, შესაბამისი განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. „ჩვენ გვაქვს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება, ამ სიტუაციაში შეგვიძლია აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოთ თანხა და ოჯახები დავაკმაყოფილოთ. მთავარია, ისინი დაგვთანხმდნენ. მინდა გითხრათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების შევსება. 20-მდე ოჯახი დარეგისტრირდა ე.წ. 25-ათასლარიან პროგრამაში ჩართვაზე. თუმცა, რომელი ოჯახი რაზე დაგვთანხმდება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, „თუ ოჯახს ერთხელ მიღებული აქვს დახმარება სახელმწიფოსგან, იმას თანხას ვერ შევთავაზებთ, ვინაიდან დავარღვევთ სამართლიანობის პრინციპს.  სოფელში 32 ოჯახია დარჩენილი ისეთი, რომლებსაც არასდროს მიუღიათ სახელმწიფოსგან დახმარება. ნაწილს საკუთრება აქვს, ნაწილი კი მარნეულშია გადასული და მათ შესაბამისი პროგრამით დავეხმარებით რიგითობის დაცვით. 1984 წელში მოხდა პირველად განსახლება, შემდეგ 1987-ში, 2009 წელში 50 ოჯახი წავიდა მარნეულში. აქედან ნაწილი დარჩა იქ, ნაწილი არა“.

გეოლოგების განცხადებით, მიწის ნაკვეთების დამუშავება ქვემო თხილვანაში არ არის რეკომენდირებული. ამის მიუხედავად მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მიწას, როგორც საკუთრებას, ოჯახებს არ ჩამოართმევენ: „თუმცა, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დამუშავება ეს გეოლოგების გადასაწყვეტია. რაც შეეხება სოციალურ სახლს და პირუტყვის საკითხს, თავიდან ბათუმში ითხოვდნენ ბინებს და მაშინ არ იდგა პირუტყვის საკითხი, სოციალური სახლში ბინები რომ შევთავაზეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. კონსენსუსამდე მივალთ, იმედია. დღეს ორმა ოჯახმა განაცხადა, რომ თანახმაა ბინა მიიღოს სოციალურ სახლში, რომელიც ისედაც ეკომიგრანტებისთვისაა გათვალისწინებული“.

კითხვაზე, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ ეს ოჯახები, რომლებიც ახლა დათანხმდებიან შეთავაზებულ პირობებს, აღარ გააგრძელებენ ქვემო თხილვანაში ცხოვრებას და ისევ არ დადგება ეს პრობლემა? – მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს პროცესი მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა აკონტროლოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგიერებას მოითხოვს და რეკომენდაციით მიმართავს.

„ეს არის სტიქია. სახელმწიფო სთავაზობს ამ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს, მაგრამ მთავრობამ მათ კონკრეტული პირობები წერილობით უნდა შესთავაზოს… გვესმის, რომ ბინაში გადასვლა შეუძლებელია 10 სული პირუტყვით, მაგრამ იქ დგომას და პიკეტირებას ჯობს ამ ადამიანებმა ნათესავებთან დროებით რაღაც გამონახონ, ტერიტორია, სახლი დაძებნონ… სახელმწიფო დაეხმარება მათ ტრანსპორტირებაში, მაგრამ არის მეორე საკითხიც, სად წაიყვანოს იგივე სახელმწიფომ, დავუშვათ, 200-300 სული პირუტყვი?.. რთული დასალაგებელია ეს ყველაფერი. დასრულდება შეთავაზებების ეტაპი და შემდეგ გადაწყვეტს ოჯახი რას დასთანხმდეს. არის კიდევ ერთი საკითხი – თანაბარ პირობებში ჩაყენება, ვთქვათ დაზარალებული მოსახლეობის. სპეციფიკა ამ საკითხს აქვს ის, რომ აქ არ არის 5 ან 10 ოჯახის საკითხი, მთელ სოფელს ემუქრება საფრთხე და გასასახლებელია…“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ ხახუტაიშვილმა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, „ადეკვატურია თუ არა 300-ლარიანი ქირა ამ შემთხვევაში, ეს მსჯელობის საკითხია – თუ სად და რა პირობებში უხდის სახელმწიფო ოჯახს ქირას და საკმარისია თუ არა ეს თანხა… ჩვენი პოზიცია იყო, რომ თავად სახელმწიფოს დაეძებნა საცხოვრებელი ფართობები და შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის, ქირის ამბავიც სახელმწიფოს გაერკვია, ანუ მოეხდინა ამისი ლოჯისტიკაც. მოხერხდება თუ ვერა – ეს ტექნიკური ამბავია“.

„ჯერ კიდევ 2005 წელს, ქვემო თხილვანაში ჩატარდა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ იმ დროისთვისაც საჭირო იყო ამ ზონაში მოქცეული მოსახლეობის განსახლება უსაფრთხო ადგილას. 2009 წელში იყო კიდეც განსახლება… თუმცა ფაქტია, რომ აქ ოჯახები ისევ ცხოვრობენ და იგივე პრობლემა დგას. ამჯერად გაცილებით რთული სიტუაციაა. მეწყრული მასა, რომელიც მდინარის კალაპოტშია ჩახერგილი აუცილებლად დაიძვრება.  ყველაზე კარგ ვარიანტში ღვარცოფულმა მასამ უნდა გაიაროს მდინარის კალაპოტში, მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტში ეს მასა შეიძლება გადმოვიდეს კალაპოტიდან და წავიდეს საცხოვრებელი სახლებისკენ. ეს სოფელი  ფაქტობრივად მეწყერზეა, ამიტომ ოჯახების გაყვანა აუცილებელია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის გეოლოგიის სამსახურის უფროსმა.

ქვემო თხილვანას ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნა სპეციალისტებმა ბოლოს, მიმდინარე წლის 12 იანვარს დადეს. დასკვნაში აღნიშნულია:

  • „…ქვემო თხილვანაში სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ასევე რელიეფის საკმაოდ დიდი დახრილობა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვალებადობა;
  • მეწყრული პროცესები განვითარებულია მდინარე თხილვანისწყლის ორივე მხარეს, მიუხედავად თოვლის საფარისა ფიქსირდება სხვადასხვა ზომის მეწყრული ბლოკები, რომლებიც დაძრულია ფერდის დაქანების მიმართულებით მდინარის კალაპოტისკენ, ხოლო კალაპოტი ამოვსებულია მეწყრული მასით [500 ათასი კუბ/მ-ზე მეტი]. თოვლის დნობის პერიოდი და უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა გამოიწვევს გრუნტების გაწყლიანება-დამძიმებას, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მკვეთრ დაცემას და გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას;
  • გასულ წლებში მეწყრული ჩამოქცევების ზემოქმედების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი, ხოლო ფერდზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებს და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს აღენიშნებათ სხვადასხვა ხასიათის დეფორმაციის კვალი;
  • აღნიშნულიდან გამომდინარე თხილვანისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები იმყოფება აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმების პერიოდში, თუმცა დღეის მდგომარეობით პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აქ მცხოვრები მოსახლეობა იმყოფება მაღალი რისკის ზონაში, ემუქრება სერიოზული საფრთხე და მიზანშეწონილია მათი განსახლება უსაფრთხო ადგილას“.

16237514_526784464158594_1049079527_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: