ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება

დღეს, საღამოს 5:30 საათზე, ბათუმში, იუსტიციის სახლთან, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ  მას 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაა. აქცია დღეს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დააანონსა:

„თბილისის პარალელურად დღეს ბათუმშიც გაიმართება აქცია იმ აღმაშფოთებელი ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც გააკეთა ქართულმა ხელისუფლებამ, როცა ითანამშრომლა რუს ოკუპანტთან, თავისი გმირი ადამიანის საწინააღმდეგოდ, რომელიც რუსეთის აგრესიისგან იცავდა საქართველოს და ახლა იცავს უკრაინას. ამაზე უფრო მძიმე დანაშაული არ ვიცი რა შეიძლება ჩაიდინოს ქართულმა სახელმწიფომ, ნაცვლად იმისა, რომ გმირებს პატივს ვცემდეთ და მათ ღვაწლს ვაფასებდეთ… ხალხის ვალდებულებაა ამოიღოს ხმა, გამოთქვას ხმამაღალი პროტესტი და აიძულოს ხელისუფლება, რომ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული.“


როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ყვება, წარმოშობით სოხუმელი გიორგი ცერცვაძე საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. იგი მონაწილეობდა ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომშიც და დაჯილდოებულია სამხედრო მამაცობისთვის.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეობრივად იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მართალია, გიორგი ცერცვაძე ამჟამად არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა გასულ წლებში ნამდვილად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში.

2016 წლის ბოლოს ცერცვაძე „საქართველოში იყო ჩამოსული ოჯახთან, სადაც გაატარა, ასე ვთქვათ, საახალწლო არდადეგები. ერთი კვირის წინ ბრუნდებოდა კიევში, სადაც დააკავეს“, – განაცხადა კახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი