მთავარი,სიახლეები

მკვლელობის მცდელობის საქმე

23.01.2017 • 1968
მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა.

18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. ამ პირის გამოკითხვის ოქმი ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს წარუდგინა, როცა იგი ბრალდებულ იაკობ ა.-თვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა. მაშინ მოსამართლე გამოძიების მიერ წარდგენილ ამოცნობის ოქმს დაეყრდნო, სადაც იაკობ ა-ს. დაადეს ხელი და არა იმ პირს, რომელიც ამბობდა, რომ დანაშაული თავად ჩაიდინა.

დღეს სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ მისცა. მოწმის ჩვენების მიხედვით, შეკრებილები გიზოს დღეობას აღნიშნავდნენ. „საცეკვაოდ გიზო და მისი და გავიდნენ. მე დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა ყვირილის და წრიპინის ხმა გავიგე. არ დამინახავს ვინ დაჭრა… როცა მივედი, იწვა და სისხლი სდიოდა“, – მიმართა მოსამართლეს მოწმემ.

„დაახლოებით იგივეს ყვებიან ბრალდების მხარის სხვა მოწმეებიც. ვერც ერთი ადებს ხელს ბრალდებულს, დაზარალებული გიზო დ-ს დის გარდა. ის არის ბრალდების მხარის ერთადერთი რეალური მოწმე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, რამინ პაპიძე.

ბრალდების მხარის მოწმეებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოუსმინა. მორიგ სხდომაზე სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს მოისმენს.

„ამის შემდეგ დაცვის მხარე წარმოვადგენთ მოწმეს, რომელიც იტყვის, რომ მისმა სიძემ დაჭრა გიზო და არა ბრალდებულმა იაკობ ა-მ. ის, ვინც პოლიციაში გამოცხადდა თავის დროზე და დაკითხვა მოითხოვა, დღეს აღარ აცხადებს იგივეს და გამოძიებასაც არ სურს შეცვალოს თავისი ვერსია. გამომძიებლებს არ უნდათ გამოჩნდეს, რომ შეცდომა დაუშვეს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

თუ რატომ არ დაკითხეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე პირი, რომელიც აცხადებდა, რომ თავად დაჭრა გიზო დ. „ბათუმელებისთვის” არ არის ცნობილი. ამის შესახებ სამართალდამცავებს განმარტება არ გაუკეთებიათ.

ბრალდებული იაკობ ა. გასული წლის 19 ივლისიდან დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: