მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე

21.01.2017 • 3523
განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე

19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”.

განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს შემთხვევებში საზოგადოება ემხრობა ნაადრევ ქორწინებას: “ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ მაინც რჩება ტოლერანტული. ეს კარგი არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ განათლებით, ოჯახებთან მუშაობით და საზოგადოებასთან მუშაობით დავანახოთ, რომ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ ბედნიერი და გვინდა აღვკვეთოთ მსგავსი შემთხვევები”.

განათლების მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს მანდატურის მხრიდან 15 წლის მოზარდთან სავარაუდო სექსუალურ კავშირთან, “ერთეული ცუდი შემთხვევების გამო პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა შეილახოს”:

“მინდა გითხრათ, რომ მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურება აგვაშორა თავიდან – ძალადობა სკოლებში შემცირებულია რადიკალურად, თვითდაზიანებისა და დაზიანების შემთხვევები შემცირებულია რადიკალურად. ასე რომ ეს არის საამაყო სამსახური. ცალკეული შემთხვევები ნებისმიერ სისტემაშია – პოლიციაშიც ხდება ცუდი რაღაცეები, ჟურნალისტებშიც ხდება ცუდი რაღაცეები და ყველგან ხდება. ამის გამო პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა შეილახოს. ეს არის ძალიან ღირსეული სამსახური, ღირსეული ადამიანები მუშაობენ. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, თუმცა აღარ მუშაობს ეს ადამიანი ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული. ამის გამო ჩვენ მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ”.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: