მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

22.01.2017 • 4492
განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების საკითხს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ  პედაგოგებს ერთგვარი გამოცანა-ტესტი შესთავაზა:

„მე ახლა სამი პედაგოგის შესახებ მოგიყვებით და თქვენ მითხარით, უნდა გავუშვათ ეს პედაგოგები სკოლიდან თუ უნდა დავტოვოთ.

ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა თავისი საგანი იცოდა ნომინალურად, გაკვეთილს ხსნიდა, მაგრამ ცოტა ჩახუჭუჭებულ შეკითხვას თუ დაუსვამდი, გეტყოდა  – „ახლა მაგის დრო არ არის“.  ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვუღიმოდით ერთმანეთს, რომ  გამოვიჭირეთ მასწავლებელი. ოღონდ, შარში თუ გაეხვეოდი სახლში,  ქუჩაში ან  პოლიციაში, ამ ქალამდე უნდა მიგეღწია და გადარჩებოდი. თვალს ამოუღებდა ნებისმიერს თავისი მოსწავლის გულისთვის. პატარა „რემბო“ იყო. ჩვენი სკოლის ახლოს იყო პოლიციის განყოფილება, სადაც დევივით კაცი მუშაობდა პოლიციის უფროსად და ის ამბობდა:  – „ეგ ქალი არ დამანახოთ“,  ეშინოდა. ეს ქალი გამოცდას ვერ ჩააბარებს. რა ვქნათ, გავუშვათ თუ დავტოვოთ?

თუ არ დავტოვებთ,  ვინც ამისგან ისწავლა,  როგორ უნდა დაცვა, უშიშრობა, როგორ უნდა თავდადება, ისინიც უნდა მივაყოლოთ.  ბავშვის დაცვა და ბავშვის თავდადება რომ სკოლიდან გავიდეს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ გამოცდაც,  ქიმიაც და ინფორმატიკაც.

მეორე მაგალითი  ჩემი ისტორიის მასწავლებელს ეხება. ბრგე კაცი იყო მე-14 საუკუნიდან. ფასეულობათა სისტემა ყოველ შემთხვევაში ჰქონდა მე-14 საუკუნის.  აკაკუნებდა წიგნზე თითს და ამბობდა,  – „მე ამ სისულელეს არ გასწავლით“ და გვიყვებოდა რაღაც  პატრიოტულ ამბებს. სულ ავიწროვებდნენ,  რადგან პროგრამას არ ასწავლიდა. მაგრამ ამ კაცმა შეაყვარა თავის მოსწავლეებს სამშობლო. რა ვქნათ, გავუშვათ თუ დავტოვოთ? – უნდა დავტოვოთ, რადგან  ფაქტობრივი ცოდნა არ გვიშველის პატრიოტიზმმა თუ დაგვტოვა.

მესამე პედაგოგი ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო, მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა ალბათ აკადემიკოსი იქნებოდა, მაგრამ იყო ძალიან ბრაზიანი. რომ გაბრაზდებოდა და აყვირდებოდა, ისე ყვიროდა, რომ გვერდით კლასებში გაკვეთილს ვერ ატარებდნენ, სანამ გაკვეთილი არ დამთავრდებოდა ვერ წყნარდებოდა.  სიზარმაცეზე, ხალტურაზე ნერვიულობდა. ფაქტია, რომ ცუდად იქცევა, ყვირილი, წივილი რა მოსატანია…  გავუშვათ თუ დავტოვოთ?  – მოკლედ,  მე იმის თქმა მინდა, რომ მთავარია სიყვარული. უყვარს კლასს მასწავლებელი და უყვარს სწავლა, არ უყვარს მასწავლებელი და არ უყვარს სწავლა.  თუმცა, ზედა კლასებში  ასე  არაა, როცა ბავშვი  ჩამოყალიბებულია. მაგრამ  სანამ ბავშვი არის ბავშვი, მასწავლებელთან პირადი დამოკიდებულება არის გადამწყვეტი“,- აცხადებს მინისტრი.

ამ მაგალითებისა და რიტორიკული კითხვების შემდეგ, მინისტრი პედაგოგებს დაჰპირდა, რომ გამოცდების ჩაუბარებლობისა თუ სხვა მინუსების მიუხედავად, მასწავლებელს სკოლიდან ვერავინ გააგდებს: „სანამ მე აქ ვარ, თქვენ უბატონოდ ხმას ვერავინ ვერ გაგცემთ“.

პედაგოგებთან შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში, 21 იანვარს გაიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: