მთავარი,სიახლეები

როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში

20.01.2017 • 3358
როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში

ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს, 23 იანვარს, განახლდება.

როგორც „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ბათუმში სულ 30 ბაღია, ხელვაჩაურში – 13, ქობულეთში კი – 22.

სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება მაღალმთიანი აჭარის  ორ მუნიციპალიტეტში, შუახევისა და ხულოს საბავშო ბაღებში,  ხოლო ქედაში ჯერ კიდევ არ იციან როდის შეძლებენ ბავშვების მიღებას, რადგან საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.

ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის აიშე თებიძის ინფორმაციით, თუ შესყიდვების სააგენტო ბაღების გაერთიანებას უფლებას დართავს პურ-ფუნთუშეული გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებით შეისყიდოს, მაშინ  ბაღები მუშაობას ქედაშიც 23 იანვარს დაიწყებენ.

„საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, შესყიდვების სააგენტოს მივმართეთ წერილობით, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით, დაგვრთოს საკვების შეძენის უფლება.  სააგენტოდან პასუხს დღის მეორე ნახევარში მივიღებთ. თუ დაგვთანხმდებიან, სასწავლო პროცესს 23 იანვარს განვაახლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი კვირით გადაიდება,“ – ამბობს აიშე თებიძე.

ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა. 10 იანვარს გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 600 ლარი იყო, ამ თანხით გაერთიანებას მაკარონი, შაქარი, პურ-ფუნთუშეული და სხვა საკვები პროდუქტები უნდა შეეძინა.  ჩავარდა ქათმის კვერცხზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერიც, რომლის ღირებულება 3 680 ლარი იყო.

ქედაში სულ 15 ბაღია, შუახევში – 6, ხულოში კი – 13.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: