სიახლეები

აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების შესახებ

06.02.2013 • 1342
აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების შესახებ

თაკო შოთაძე


აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. კომისია იმ 40-მდე ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობას გაეცნობა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირველი და მეორე კატეგორია.

 

ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ: ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების მდგომარეობის შესწავლა უახლოეს ვადებში დასრულდება. სახელმწიფო დაზარალებულებს დაეხმარება – მათთვის გამოიყოფა თანხა ბიუჯეტიდან ან საცხოვრებელი სახლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იგივე კომისიამ ხელვაჩაურში  უკვე შეისწავლა 30 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

 

კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობას ანგარიშს 15 თებერვალს წარუდგენს.

 

პირველი და მეორე კატეგორიის სიაში ისე ოჯახები ხვდებიან, ვისი სახლებიც საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: