სიახლეები

ბულვარში ფიჭვის ხეებს თხრიან

01.02.2013 • 1993
ბულვარში  ფიჭვის ხეებს თხრიან

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარგავებისთვის ახალი ტერიტორია უკვე გამოიყო, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ამოგლეჯილი ხეების დიდი ნაწილი განადგურდება. „ეს საკმაოდ დიდი ხეებია, გადარგვას ალბათ ვეღარ გაუძლებს და გახმება“-ამბობს, მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი პირი.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თემურ ბერიძის განცხადებით კი, ამოგლეჯილი ნარგავებისთვის მერიამ ახალი ტერიტორია უკვე გამოყო, „თუმცა იქ ალბათ ასამდე ნარგავი თუ დაეტევა“. თემურ ბერიძის თქმით, ზუსტად არ იციან, ადგილმონაცვლეობის გამო, რამდენი ფიჭვისა თუ ნაძვის ხე შეიძლება გახმეს.

ახალი კოლექტორის მშენებლობაზე თურქული კომპანია „ტეკევ ინშაათი“ მუშაობს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოლექტორის პროექტი მერიაშია შედგენილი და დაზიანებული ნარგავების გამო პასუხიც მათგან უნდა მივიღოთ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის ადმინისტრაციას ხეების ამოღების თაობაზე ოფიციალური ნებართვა ჯერ არ გაუცია, თუმცა სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „როგორც მერიაში გვითხრეს, თითოეულ დაზიანებულ ხეზე პასუხისმგებელი არის მერია. ის ხეები რომელიც გადარგვას ექვემდებარება, დაახლოებით 40-მდე ხეა ასეთი, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგვება, დანარჩენზე ვერ გეტყვით“-ამბობს, ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გია ბაღოშვილი.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პაატა აცინბა აცხადებს: „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას, მაგრამ ნებართვა ვერ მივიღეთ. სამ მილიონნახევრიან პროექტს ათი ძირი ხის გამო ვერ გავაჩერებ, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და რა ვქნა“.

გადაბეჭდვის წესი