მთავარი,სიახლეები

ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის

19.01.2017 • 4772
ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ხვალ ბათუმიდან 733 დელეგატი დაესწრება. „პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლა არ ასახულა აჭარის ორგანიზაციაზე. აქ მხოლოდ ხულოს საკრებულოს ოთხი წევრი და რაულ თავართქილაძე გამოგვაკლდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი.

ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მის პარტიიდან წასვლის შესახებ „ევროპულ საქართველოში“ გადასული რაულ თავართქილაძე საუბრობდა. ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, პეტრე პარტიაში რჩება და ის, როგორც დელეგატი, პარტიულ ყრილობასაც დაესწრება.

დაესწრება თუ არა ყრილობას ლევან ვარშალომიძე – პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. „ჩვენი ინფორმაცით, ის არ იმყოფება საქართველოში და ალბათ პირდაპირ ყრილობისთვის თბილისში ჩამოფრინდება,“ – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში პარტიას დაახლოებით 100 ახალი აქტიური მხარდამჭერი შეუერთდა და ისინი დელეგატებადაც შეარჩიეს პარტიის პირველადმა ორგანიზაციებმა. ამ დროისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“აჭარაში ყველაზე მეტი დელეგატი – 278 ბათუმში ჰყავს, ყველაზე ნაკლები  – 42  კი, ქედაში.

ყრილობა, რომელმაც ენმ-ის ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიოს, მინიმუმ 7000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდება.

733 დელეგატი პარტიულ ყრილობაზე დასასწრებად ხვალ ბათუმიდან მიკროავტობუსებით გაემგზავრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: