სიახლეები

ბათუმის მერობის გამოცხადებული კანდიდატი

31.01.2013 • 1789
ბათუმის მერობის გამოცხადებული კანდიდატი

 

ზურაბ პატარაია

 

 

ბატონო ზურაბ, თქვენი თქმით, მერის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია, კონკრეტულად რომელმა ჯგუფმა დაგასახელათ კანდიდატად?  

„რესპუბლიკელებმა“, რადგან წინა არჩევნებზე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში. ბევრი საუბარი იყო, საერთო მსჯელობა. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისთვისაც მისაღები ვიყავი.

 როგორც ვიცით, მერობის კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატიც განიხილებოდა. თქვენი უპირატესობა რა იყო?

რა ვიცი, მე მგონი კარგი ადამიანი ვარ, სანდო… როცა მაგიდაზე ბევრი ვაშლი დევს, რატომ ირჩევ იმ ერთს? არის რაღაც ნიუანსები.

 ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ქუჩების რეაბილიტაცია. როგორც მერიაში გვითხრეს, „ჭაობის“ უბნის რეაბილიტაცია მინიმუმ ერთი წლით მაინც გადაიდო, როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

ის პროექტები, რომლებიც ბათუმის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მათ შორის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. სანამ ეს არ დასრულდება, ისე ქუჩებს ვერ დავაგებთ. მქონდა შეხვედრა გერმანულ კომპანიასთან და ვთხოვე კიდეც, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობის დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირებული იყოს.

თქვენ მუშაობთ „ბათუმის წყალში“. ეს ის კომპანიაა, რომლის მიმართ მოსახლეობას ხშირად აქვს პრეტენზიები უწყლობასა და წყლის ხარისხთან დაკავშირებით.  რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზიები და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ეს იმიტომ, რომ სისტემაა მოძველებული, ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ იცვლება სისტემა და წყლის ხარისხიც გაუმჯობესდება. მე პირადად ამ წყალს ვსვამ.

ამჟამინდელი მერის, ჯემალ ანანიძის საქმიანობას როგორ შეაფასებთ, არის იმის აუცილებლობა, რომ თანამდებობიდან გადადგეს? 

როგორც პიროვნებაზე, არ არის აქ საუბარი. მე ამ საკითხს პოლიტიკური კუთხით განვიხილავ. არჩევნები ჩატარდა, შეიცვალა ძალთა თანაფარდობა და შეიცვალა მიმართულებაც. მერი უნდა გამოხატავდეს არჩევნების შედეგს.

 ხომ არ სჯობდა არჩევნებს გადაეწყვიტა თვითმმართველობის საკითხიც და არა „ქართულ ოცნებას“?

ხალხმა შეცვალა ხელისუფლება, თვითმმართველობაც ხომ ხალხის რჩეულია.

 ბიუროში რა რეჟიმში მუშაობთ – ძირითადად რის თაობაზე მოდიან მურმან დუმბაძესთან შესახვედრად ადამიანები, გადაუწყვიტა თუ არა რომელიმე მოქალაქეს პრობლემა? 

არჩევნების შემდეგ რვა ათასამდე ადამიანმა მოგვმართა. ზოგიერთი განცხადებით მოდის, ზოგიც სიტყვიერად მოგვმართავს. ძირითადად დასაქმების პრობლემასა და უსამართლობაზე. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვაძლევთ.

მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დასაქმდა რომელიმე პირი?

მე არ მინახავს, რომ მურმან დუმბაძეს რომელიმე განცხადებაზე რეზოლუცია დაეწეროს. თქვენც გყავთ ახლობელი ხომ, შეიძლება სიტყვიერად სთხოვოთ, რომ თუკი სჭირდება ესა თუ ის კადრი, გაითვალისწინოს, აი ამ დონეზე ხდება. აქ ტოვებენ „სივებს“ სპეციალობის მიხედვით და თუ ვინიცობაა რამე გამოჩნდება, რეკომენდაციას ვაძლევთ.

თქვენი ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან?

მეუღლე პორტში მუშაობს, მებაჟეა. უფროსი შვილი ნოდარ ხადურთან მუშაობდა, უფროსი ინსპექტორია, მეორე შვილი სტუდენტია. სხვათა შორის, მეც კონკურსით ვიყავი მიღებული „ბათუმის წყალში“ და ჩემი შვილიც. მოკლედ, მთელი ოჯახი გამოცდებს ვაბარებდით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: