სიახლეები

ღია წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს

30.01.2013 • 1448
ღია წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონო გიორგი,

 

 

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღე, გავმიჯნოდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აშკარად მოსახლეობის დაპირისპირებულობასა და სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის დარღვევას ცდილობს, აღარ მეგონა, თუ კიდევ მომიხდებოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ჩემდამი თქვენი ა/წ 29 იანვრის წერილზე (#კოლ 30) პასუხი არ მომეწერა და იგნორირება გამეკეთებინა, ვერ შევძელი; ამიტომაც გადავწყვიტე, ზოგიერთი საკითხის თაობაზე საჯაროდ, ღია წერილით, მეპასუხა; ვინძლო, ურთიერთობის ასეთმა ფორმამ თქვენ, უდავოდ ნიჭიერ ახალგაზრდას, ცხოვრების შემდგომი წლებისათვის უფრო მეტი სარგებელი მოგიტანოთ.

 

 

 კარგა ხანს მეტრაბახებოდა კიდეც, რომ ჩემი შვილის ყოფილი სტუდენტი, ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი ქალაქის საკრებულის წევრი, შემდეგ კი, 25 წლის ასაკში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის – ჩვენი ქალაქ ბათუმის უპირველესი პირი გახდით. მართალია, იყო ისეთი დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც არც თუ ისე კარგ მოგონებებად შეიძლება დარჩეს, მაგრამ ისიც კი შემინიშნავს, რომ თქვენც პირადად არ მოგწონდათ და შინაგანად არც კი თანაუგრძნობდით ამა თუ იმ საკითხის ზემოდან “რეკომენდაციის” შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას… ვხვდებოდი, თუ როგორი წნეხის ქვეშ გიხდებოდათ თქვენი საქმიანობის წარმართვა.

 

 

 ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენდამი ჩემი თავდაპირველი სიმპათიები ისევ ცხოველი იყო, მსურდა, თქვენთვის თვალი ამეხილა და, დამემოწმებით, არაერთგზის მამაშვილურად გირჩიეთ, მშვიდობიანად გადამდგარიყავით, გადაგეფასებინათ ყოველივე და თქვენი ახალგაზრდული ენერგია და გარკვეული (თითქმის 7 წლიანი სადეპუტატო) გამოცდილებაც, რაც უდავოდ გაგაჩნიათ, ქვეყნის და თქვენივე სასიკეთოდ  დაგეხარჯათ. სამწუხაროდ, არ ისურვეთ… და არც ძველ, საერთონაციონალურ, ტრადიციას უღალატეთ – განაგრძობთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება-მოღვაწეობას, რაც თქვენნაირ ახალგაზრდას კი არა, გამოცდილ და ჭარმაგ პიროვნებასაც კი გადააცდენდა ჭეშმარიტების გზიდან. აი, სავალალო შედეგიც!-სიცრუე, სიცრუე და ისევ სიცრუე! – ეს გახდა თქვენი ბოლოდროინდელი “თავდასაცავი”, რაც უაღრესად თვალშისაცემი და თეთრი ძაფებით ნახლართია.

 

 

 დიახ, ბევრი იცრუეთ და ზემოხსენებულ წერილშიც უტიფრად ცრუობთ, ოღონდაც ახლა ამ სიცრუის კვალიფიკაცია ძალზე მაღალ რეგისტრშია და ვეღარ გავჩუმდი; აი, რატომ:

 

 

თქვენ ცდილობთ, ცალსახად გააყალბოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტი – “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის #9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც შავით თეთრზე წერია: “თუ …. საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენებაო”. ბატონო გიორგი! აბა, საიდან “დგინდება”, როგორც თქვენ მიუთითებთ, “რომ იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, (სხვათა შორის, იჩქარეთ და აქ ყოვლად ჩიქორთული ქართულით წერთ) საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა. შ.”

 

 

 

მთელმა საკრებულომ (და არა მხოლოდ საკრებულომ) იცის, რომ ოპოზიციას არ დაუყენებია თქვენი გადაყენების საკითხი, ეს ისევ თქვენეული ინსცენირება იყო და არც სხდომა გამართულა! თქვენ კი გინდოდათ და ბევრიც ეცადეთ, მაგრამ ეგ ფანდები აღარ გაგივიდათ, რადგან “მიგიხვდით, “ჩვენო” გიორგი, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი” და არ მივიღეთ მონაწილეობა თქვენს მიერ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში. თქვენ კი, როგორც თქვენი მოძრაობის მესვეურებს სჩვევიათ, სასურველს რეალობად აცხადებთ და ყელამდე ეფლობით სიცრუის ჭაობში.

 

 

გულისტკივილით მოგმართავთ, ღმერთმანი!.. როგორ მეამაყებოდა, რომ შვილის ყოფილი სტუდენტი, მშვენიერი აღნაგობისა და, როგორც მეგონა, სულით მდიდარი ახალგაზრდა იყო ჩემი და მთელი ქალაქის უფროსი! ალბათ, დამემოწმებით, ყოველთვის ვცდილობდი, გვერდით დაგდგომოდით, მაგრამ იმასაც კარგად ვგრძნობდი, რომ სიცრუისა და სიჯიუტის ტალღა თანდათან გვაშორებდა; ამიტომაც გირჩევდით დაჟინებით, გადამდგარიყავით, გადაგვერჩინა თქვენი პოტენციალი… არ ინებეთ, სამწუხაროდ… მე და ჩემისთანებმა კი “სადაც არ სჯობდა, გაცლა ვამჯობინეთ”, ბოლომდე ვეღარ წაგყვებოდით სიცრუის ქვეყნისაკენ მიმავალ მრუდ გზაზე.

 

 

 

ასე რომ, ამ ბოლოდროინდელმა თქვენმა სიცრუემ ყველაფერს გადააჭარბა და მინდა გირჩიოთ: ნებით არ ისურვეთ მშვიდობიანად წასვლა და ახლა მაინც ვაჟკაცურად შეხვდით უმრავლესობის სურვილით გადაყენებას! განა ყოველივე ამად გიღირთ ეგ სკამი?! გონება მოიკრიბეთ, კრიტიკულად გააანალიზეთ ბოლო დროის ნამოქმედარი, მათ შორის – თქვენს ირგვლივ მყოფი კოლეგებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართაც; გადააფასეთ ყოველივე და, თუკი ისურვებთ, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი თანაქალაქელები მიმტევებლები არიან, საზოგადოებრიობა თქვენს საქციელს დაუღვინებლობითა და ყოფილ ძლიერთა ამა სოფლისათა ძალდატანებით, მავანთა მიმართ გაუგებარი ერთგულებით ახსნის და ვფიქრობ, გაგიგებთ… ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით დიდხანს უნდა იცოცხლოთ და ამ მადლიან ქალაქში თავაწეულმა უნდა იაროთ!

 

 

 

                  

                                                                                                                                                                                               

გადაბეჭდვის წესი