სიახლეები

პირველ ადგილზე თურქეთი, მეორეზე – რუსეთი

29.01.2013 • 2085
პირველ ადგილზე თურქეთი, მეორეზე –  რუსეთი

 2012 წელს რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში?

 

თუკი განვიხილავთ წმინდა ციფრობრივ მაჩვენებლს, 2012 წელს ინვესტიციები მთლიანობაში განხორციელდა 152 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით ეს გახლავთ 2%-იანი ზრდა. თუ კი გადავხედავთ გასული წლების დინამიკას, საშუალოდ 2,5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ყველაზე მაღალი საინვესტიციო აქტიურობა დაფიქსირდა 2007 წელს _ 170 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, 2008 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, მკვეთრად დაეცა ინვესტიციების დონე.

2012 წლისათვის გვაქვს შემდეგი სურათი: მშენებლობის სექტორზე მოდის ინვესტიციების 62 %, ტურიზმზე _ 32 %, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 3%-ს, მრეწველობაზე მოდის 2%, ხოლო სხვა დარგებსა და სექტორებზე _ დარჩენილი 1%. ამასთან, საინვესტიციო პროექტების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ქონების პრივატიზებასა და ეფექტურ მართვასთან. ამ თვალსაზრისით 2012 წელს სულ დაიდო 185 საინვესტიციო-საპრივატიზებო ხელშეკრულება, მათ შორის, 119 ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმით, 41 პირდაპირი მიყიდვის წესით, 14 უპირობო აუქციონის, ხოლო 11 _ პირობიანი აუქციონის ფორმით.

 რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია რეგიონში?

 

2012 წლისათვის ინვესტიციების 65% მოდის თურქეთზე, 21% _ რუსეთზე, 4-4% _ უკრაინასა და ყაზახეთზე, 3% სომხეთის რესპუბლიკაზე, თითო პროცენტი იტალიასა და აშშ-ზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების წილი შეადგენდა 75%-ს, 14 % მოდიოდა თურქულ ინვესტიციაზე, 5% _ სომხეთის რესპუბლიკაზე, 4 % _ უკრაინაზე და 2% _ რუსეთზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წონა განპირობებული იყო სასტუმრო `რედისონის~ მშენებლობის დასრულებით, 2012 წლისათვის გაიზარდა ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში თურქეთის რესპუბლიკიდან, ასევე საკუთრივ 2012 წელს დაწყებული პროექტების ინვესტირების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შედარებას, ინვესტიციების დაახლოებით 60% მოდის ადგილობრივ კომპონენტზე, ხოლო 40% _ უცხოურ ინვესტიციებზე. თუკი გავაანალიზებთ ბოლო წლების დინამიკას _ ადგილობრივი ინვესტიციების ხვედრითი წონა უცხოურ საინვესტიციო ნაკადებთან შედარებით იზრდება. ეს ტენდენცია თვალშისაცემია 2008 წლიდან. ამას თავისი ახსნა აქვს, კერძოდ, ადგილობრივი კომპონენტი იმიტომ იზრდება, რომ მშენებლობის სექტორში ძირითადი ადგილობრივ ინვესტორები არიან, ამ სექტორის წილი კი ყველაზე მაღალია მთლიან საინვესტიციო პორტფელში. აქ არ იგულისხმება სასტუმროების მშენებლობა, ასეთი კაპიტალდაბანდება მიეკუთვნება ტურიზმის სექტორის.

 

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

 საინვესტიციო გარემო როგორი იყო 2012 წლის ოქტომბრამდე და რა შეიცვალა ბოლო სამ თვეში?

 

ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. უპირველესად ეს არის საინვესტიციო მარკეტინგის მიმართულება, რაც გულისხმობს ონლაინსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით რეგიონის საინვესტიციო ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას, საპრეზენტაციო მასალების განახლებას და ტირაჟირებას, ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვან საინვესტიციო ტურებში, ბიზნესფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მეორე მიმართულება გახლავთ საინვესტიციო კვლევები, რაც, ფაქტობრივად, ნოვაციაა. ჩვენი საინვესტიციო მიდგომა ეყრდნობა პრინციპს _ რეაქტიულიდან პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკისაკენ. ეს ნიშნავს, რომ გავაანალიზოთ, შევაჯეროთ და განვსაზღვროთ განსახორციელებელი აქტივობები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ საინვესტიციო რისკები. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კვლევებს, რაც დაუკავშირდება რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზს, ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას, უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, პოსტპრივატიზაციული და პოსტსაინვესტიციო შეფასებებს, აქტივების რუკისა და ბიზნესპორტფელების ფორმირებას. ყოველივე კი დაგვეხმარება იმაში, რომ ერთი მხრივ საინვესტიციო პორტფელი გავხადოთ დივერსიფიცირებული, ხოლო მეორე მხრივ მოვახდინოთ საპრივატიზაციო და იჯარით გადასაცემი ობიექტების ე.წ. საინვესტიციო შეფუთვა, რაც ხელს დაეხმარება პოტენციურ ინვესტორს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

ვგეგმავთ საინვესტიციო ციკლის სრულყოფას: თითოეული პოტენციური ინვესტიცია უნდა შეფასდეს გულმოდგინეთ, _ კომერციული, ფისკალური, სოციალური, ეკონომიკური და ინტეგრირებული საინვესტიციო ეფექტების მხედველობაში მიღებით. ასევე მნიშვნელოვანია არსებული და პოტენციური ინვესტორების, შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების საინფორმაციო ბანკის ფორმირება და მუდმივი განახლება. ვმუშაობთ იმაზე, რომ საინვესტიციო პროცესი გავხადოთ გამჭვირვალე.

შემდეგ მიმართულებას შეიძლება პოსტსაინვესტიციო აქტიურობა ვუწოდოთ. ეს ნიშნავს უკვე არსებული საინვესტიციო პროექტის შეფასებას, იმის დადგენას, ნამდვილად მივიდა თუ არა ბოლომდე კონკრეტული საინვესტიციო პროექტი და რამდენად შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ეფექტიანობას, ასევე თუ როგორ აფასებენ არსებული ინვესტორები რეგიონის საინვესტიციო და ზოგადად ბიზნესგარემოს თვალსაზრისით.

 2013 წელს, წინასწარი პროგნოზით, რა ოდენობის ინვესტიციას ელოდებით?

თუკი პროგნოზირების საბაზისო ელემენტებად ავიღებთ რამდენიმე ფაქტორს: 1. მოქმედი საინვესტიციო პროექტების მოცულობა, რომლებიც გრძელდება 2013 წელს; 2. პროექტებს, რომელთა დაწყებაც ხელშეკრულებით უკვე გათვალისწინებულია 2013 წლისთვის; 3. იმ პოტენციური საინვესტიციო პროექტების მოცულობას, რასაც ვამუშავებთ ან წლის განმავლობაში შემოვა საინვესტიციო წინადადებების სახით; 4. ჯერ კიდევ მოლოდინისა პროცესში მყოფი სენსიტიურ ინვესტორთა პროექტები, რომლებიც გააქტიურდება კონიუნქტურის შესაბამისად. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, 2013 წლისათვის უნდა ველოდოთ საინვესტიციო ნაკადების ზომიერად ზრდად დინამიკას, თუმცა არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და საინვესტიციო აქტიურობაც შეიძლება იყოს მკვეთრად აღმავალი. ციფრობრივად ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

რა პროექტებია დაგეგმილი 2013 წელს?

 

გვაქვს მიმდინარე და დამუშავების პროცესში მყოფი, ანუ პოტენციური საინვესტიციო პროექტების ბაზა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, მშენებლობასთან, გადამამუშავებელ მრეწველობასთან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინვესტიციისათვის, ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც იქნება რეალური და შემოგვთავაზებს რეალურ საინვესტიციო პროექტს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში სახელმწიფოსა და ინვესტორის, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა უნდა იყოს მაქსიმალურად სტერილური და კრისტალიზებული, რადგან საინვესტიციო გარანტიებს უნდა ქმნიდეს საკანონმდებლო ბაზა და არა კონკრეტული პიროვნებები ან ინსტიტუციები. ხოლო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საინვესტიციო–საპრივატიზაციო პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვა, ისევე როგორც აღებული ვალდებულებების შესრულება, სახელმწიფოს საიმედოობის უპირველესი საინვესტიციო ბარომეტრია.

გადაბეჭდვის წესი