სიახლეები

მეთევზეების პროტესტი ბათუმში

28.01.2013 • 2053
მეთევზეების პროტესტი ბათუმში

„ყველანაირად ცდილობენ რომ თევზისჭერის უფლება წაგვართვან. ისედაც ყველა წუთში გვსდევენ და გვამოწმებენ, რომ ზონას არ გავცდეთ. ფსკერულ ბადეს რომ გადავცდეთ, 50 000 ლარია ჯარიმა, ადლიის ზონა იყო დაშვებული და ჩაქვის მილნახევრიანი ზონა. ადლიაში უკვე აგვიკრძალეს. მოვითხოვთ, რა ზონებიც იყო, ის დაგვიბრუნონ, ისედაც მცირეა და კიდევ შეზღუდვები…“ –  ამბობს გემი „ელდორადოს“ კაპიტანი ჭაბუკ დევდარიანი.

„არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია, შემთხვევით გავიგეთ. სანაპირო დაცვამ გვითხრა რაღაც ბომბებია აღმოჩენილიო. ისედაც მცირე მონაკვეთში გვქონდა თევზჭერის უფლება და ისიც შეგვიზღუდეს. დღეს სამუშაოდ უკვე ვეღარ გავედით, დაგვიკეტეს რაიონები“- აცხადებს გემი „კარგოს“ კაპიტანი რეზო ნაკაშიძე.

საქართველოს მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის დავით ნიკურაძის განცხადებით,  მეთევზეები პრაქტიკულად  ზღვაში ვერ გადიან და სამუშაოს გარეშე რჩებიან, „რადგან სანაპირო დაცვაში გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო, თუმცა დადგენილება ან რაიმე ბრძანება არ გვინახავს, ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რომ მეთევზეები იყვნენ უკმაყოფილო, საბოტაჟის ნიშნებია“.

მეთევზეები ამბობენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს: „მივმართავთ აჭარის მთავრობასაც და ენერგეტიკის სამინისტროსაც, რომ საბოლოოდ დარეგულირდეს ეს საკითხი. თევზჭერის უფლება მხოლოდ თურქულ კომპანიებს აქვთ. მათ ლიცენზია ათი წლით აიღეს, ჩვენ ისედაც მცირე მონაკვეთები გვქონდა და იქაც აღარ გვიშვებენ“.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის უფროსის, ირაკლი ჭავჭანიძის განცხადებით, აღნიშნულ სამსახურს რაიმე ახალი შეზღუდვები არ დაუწესებია. „ფსკერული ტრალით თევზჭერა ყოველთვის შეზღუდული იყო, რადგან ასეთი მეთოდით თევზჭერა ძალიან დიდ ზიანს აყენებს ფსკერს, მაგრამ მეთევზეების თხოვნით 2011 წელს მაინც დაიშვა. თევზჭერა დაშვებულია ბათუმის, ჩაქვის სანაპიროებში და ჩოლოქიდან ფოთამდე. ადლიიდან სარფამდე კი ყოველთვის აკრძალული იყო, ახლა კი მოუნდათ მაქაც ითევზაონ. ამ მეთოდს თუ დავუშვებთ მეცნიერთა აზრით, თევზი საერთოდ გაქრება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: