მთავარი,სიახლეები

11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა

18.01.2017 • 4407
11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა

„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება.

დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, რომ ამ კომპანიას ხიდისთვის არ სცალია.

„მართლა არ სცალია. კომპანია „ზიმომ“ გადაიტანა ასწლოვანი ტიტა ბიძინა ივანიშვილის ბაღში. ამ კომპანიას გადააქვს ახლაც ხეები ციხისძირიდან, კიდევ 50 ხე უნდა გადაიტანოს. მთელი ტექნიკა იქ ჰყავს და ამიტომაც ვერ ახერხებს ხიდის რეაბილიტაციას. ჩვენ ვთხოვთ გზების დეპარტამენტს, შეუწყვიტოს ამ კომპანიას ხელშეკრულება და გაფორმდეს იმასთან, ვინც შეასრულებს სამუშაოს. ვამბობთ, რომ ტურიზმია მნიშვნელოვანი. ამ დროს კი, სარფიდან ბათუმისკენ როცა მოდიხარ, პირველი ეს დანგრეული ხიდი გხვდება“, – აცხადებს ნოდარ დუმბაძე.

ხიდის რეაბილიტაციის დაუსრულებლობის კავშირს ხეების გადატანასთან გამორიცხავენ კომპანია „ზიმოსა“ და გზების დეპარტამენტში. კომპანიაში გვითხრეს, რომ სამუშაოების რამდენჯერმე გადავადების მიზეზი ის იყო, რომ ხიდი რთული საინჟინრო ნაგებობაა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტში ცვლილებების შეტანა დარჩა საჭირო.

„ჩვენ უკვე დავამაგრეთ ბურჯები, რადგან ჭოროხის დონე იყო დაწეული, რამაც გამოიწვია ბურჯების ძირის გამოთხრა. შემდეგი იყო ხიდის შუა ნაწილის, მეტალის კონსტრუქციის გამაგრება. ახლა ვართ დასრულების ეტაპზე  – ეს არის სავალი ნაწილის გამაგრება, რაც ზაფხულამდე, სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ჩვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჩავეტევით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ზიმოს“ თანამშრომელი, ირაკლი შანავა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია „ზიმოს“ მხოლოდ 944 075 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული, რაც პროექტის საერთო ღირებულების ნახევარიც კი არაა. „გონიოს ხიდის“ აღდგენისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონ 399 ათას 573 ლარი დაიხარჯება.

ამავე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ხელშეკრულებაში გაფორმებიდან დღემდე 11-ჯერ შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილება ხარჯების დაზუსტებაზე მიმდინარე წლის 6 იანვრით თარიღდება. მანამდე შესული ცვლილებებით კომპანიას რამდენჯერმე გადაუვადეს სამუშაოების დასრულების დრო. ბოლოს მას გასული წლის დეკემბრამდე უნდა შეესრულებინა ვალდებულებები, მაგრამ იგი მიმდინარე წლის ივლისამდე გადავადდა.

პროექტის დასრულების ვადის კიდევ ერთხელ გადავადებას გამორიცხავენ გზების დეპარტამენტში. მიიჩნევენ, რომ კომპანია ამჯერად პირობას არ დაარღვევს და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. აქ კომპანიისთვის ხელშემშლელ გარემოებად არც ასწლოვანი ხეების ზღვით გადატანას განიხილავენ.

„სად იყო ხეების თემა, როცა ჩვენ ვაჯარიმებდით კომპანია „ზიმოს“ ვადების დარღვევის გამო? სხვა მიზეზი იყო ალბათ, არ ვიცი, ფირმის შიდა საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევით. ბოლოს 26 ათასით დაჯარიმდა ეს კომპანია, ჯამში 181 ათასით დავაჯარიმეთ, მეტი რა შეგვიძლია, რა უნდა გვექნა?“, – გვითხრა ზურაბ სიხარულიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა.

რა გამორიცხავს იმას, რომ კომპანიას ხეების გადატანის სამუშაოების გამო არ ჰყოფნის ტექნიკური რესურსი ხიდის რეაბილიტაციისთვის? – „ზიმოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დღესაც იქ მუშაობენ. იმავეს ამბობს ზურაბ სიხარულიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი: „განათების პრობლემაც მოგვარდა და რეაბილიტაციის პროცესი გვიანობამდე გაგრძელდება, რომ ზაფხულამდე მოესწროს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: