სიახლეები

ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები

28.01.2013 • 3114
ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები

მდინარე ჭოროხი

წლების განმავლობაში მდინარე ჭოროხი აჭარის სანაპიროს ბუნებრივი ნატანით კვებას უზრუნველყოფდა. სპეციალისტის განმარტებით, ჩამოტანილ მასას ზღვა სანაპიროს გასწვრივ ანაწილებდა, რაც პრობლემურ უბნებს წარეცხვისაგან იცავდა. თურქეთის რესპუბლიკაში დერინერის კაშხალის ამოქმედებამ სანაპიროს ბუნებრივი კვების პროცესის შეწყვეტა გამოიწვია და ზღვის წყალმა განსაკუთრებული აქტიურობით ადლიის სანაპიროს მიტაცება დაიწყო. პრობლემის მოგვარების მიზნით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ადლიის სანაპიროს ყოველწლიურად ჭოროხის დელტიდან ამოღებული მასებით ხელოვნურად კვებავს, რაც სანაპიროს გამაგრების მიზნით დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ეს პროცესი მდინარის კალაპოტის მდგომარეობას თანდათან უფრო ამძიმებს.

„ამას შეიძლება მოყვეს ის, რომ ინერტული მასების მსხვილი ფრაქცია, რაც ჯერ კიდევ არსებობს, კალაპოტში აღარ გვექნება. ის მცირედი მოცულობა კი, რასაც მდინარე შემოიტანს, საერთოდ არ მოხმარდება ნაპირებს. ჭოროხი არამარტო ვეღარ უზრუნველყოფს ზღვის სანაპიროს, არამედ მდინარის სანაპიროს მდგრადობასაც შეექმნება საფრთხე და შესაბამისად გააქტიურდება გვერდითი და სიღრმითი ეროზია. თუ კარგად დავაკვირდებით მდინარის კალაპოტს, დავინახავთ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მარტივად დააკვირდით, მდინარეზე როგორც გონიოს, ასევე მახოს ხიდების ბურჯები საკმაოდ  ამაღლებულია, რაც იმას ნიშნავს რომ კალაპოტმა დაიწია და ავარიულ მდგომარეობაშია.“ – ამბობს საშა ხორავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი.

მდინარის დელტიდან ქვიშა-ხრეშის ამოღებას მხოლოდ ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნით არ აწარმოებენ. მდინარის რესურსებით ბევრი სამშენებლო კომპანიაც სარგებლობს, რომლებიც კალაპოტიდან გარკვეული მოცულობის ქვიშა-ხრეშის ამოღებაზე წინასწარ დადგენილი ვადის განმავლობაში ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იღებენ. გადაცდომის შემთხვევებისა და უკანონოდ ამოღების კონტროლი კი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის პრეროგატივაა. გასულ წელს ამ სამსახურმა მდინარე ჭოროხიდან ქვიშა ხრეშის უკანონოდ (ლიცენზიის გარეშე) ამოღებისათვის ორი კომპანია, ლიცენზიის პირობების დარღვევით ამოღებისთვის კი კიდევ ერთი კომპანია დააჯარიმა. 2013 წლის იანვრის დასაწყისში მდინარიდან მასების უკანონოდ ამოღებისთვის შპს „ნიუ-ენერჯი“ დაჯარიმდა.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადმოგვცემს კოორდინატებს, რომლის მიხედვითაც ვახდენთ ფართობის გადამოწმებას. სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდება. გადაცდომის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციის გარდა გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა და მისი ანაზღაურებაც ეკისრება დამრღვევს.“ – განმარტავს სააგენტოს სპეციალისტი ელდარ ცინცაძე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წიაღის უკანონოდ ლიცენზიის გარეშე ამოღების შემთხვევაში ათასიდან ათას ხუთას ლარამდე ჯარიმას, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კი ხუთასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

არსებობს მოსაზრება, რომ კანონდამრღვევ კომპანიებს რისკზე წასვლა უღირთ, რადგან ჯარიმის ოდენობა სალიცენზიო მოსაკრებელზე ბევრად ნაკლებია, სპეციალისტების მოსაზრებით კი მდინარის კალაპოტის მდგომარეობის დამძიმებას ვერც მაკონტროლებელი ორგანოს და ვერც კანონის გამკაცრება ვეღარ უშველის. საშა ხორავას თქმით ერთადერთი გამოსავალი მდინარეების დელტიდან სამშენებლო მასალების ამოღებაზე კომპანიებისთვის ლიცენზიის გაცემის შეწყვეტაა. „მასების ამოღება მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი, კომპანიები კი მთის კარიერის დამუშავებაზე უნდა გადავიდნენ, სხვა მხრივ მდგომარეობის დამძიმება გარდაუვალია.“ – ამბობს საშა ხორავა.

იგივე მოსაზრება აქვთ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც. სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვახტანგ ბაგრატიონის თქმით, თუ მდინარის კალაპოტიდან მასების ამოღების ლიცენზია მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის გაიცემა, გაადვილდება კონტროლის მექანიზმებიც, რაც დადებით შედეგს გამოიღებს.

ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით ეკონომიკის სამინისტრო ქვიშა-ხრეშის ამოღებაზე ნებართვას მაქსიმუმ ხუთი, მინიმუმ ერთი წლით გასცემს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: