მთავარი,სიახლეები

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

17.01.2017 • 2684
არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტსაც ინარჩუნებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ეს არის ჩემი ტვირთი. გამომეკიდონ ერთი დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე რამდენ საქმეს ვაკეთებ…“ – უთხრა ილია ვერძაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრის დროს.

ილია ვერძაძე კანონის იმ ნორმაზე აქცენტირებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას არ უზღუდავს.

„ხელისუფლებას აქვს იგივე ინტერესი, რომ დაიცვას დასაქმებულის ინტერესები. მე რომ ვიყო მთავრობაში, სხვა ამბავია, მაგრამ კანონმდებელი ვარ, შემიძლია კონკრეტული ცვლილება შევიტანო კანონში, ან ამისთვის ვიბრძოლო… ევროპაშიც ასე ხდება. ამის ბევრი მაგალითია, როცა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა პარტიიდან პარლამენტში ხვდებიან და პროფკავშირშიც რჩებიან“, – ამბობს ილია ვერძაძე.

ინტერესთა შეუთავსებლობა – ამ პრობლემას ხედავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი, როცა დეპუტატი იმავდროულად პროფესიული კავშირის ხელმძღვანელიცაა. მისი შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ძალიან ცუდი იურიდიული დოკუმენტია და მის შეცვლაზე უნდა იმუშაონ დეპუტატებმა, თუმცა არსებული რეგლამენტიც უწესებს შეზღუდვას დეპუტატებს.

„აჭარის რეგლამენტი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე გავრცელდეს საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო ასეთ კანონს წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც განმარტებულია, რომ აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს (დეპუტატს) უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.  პირველ რიგში, რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ  უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და შემდგომ შესაბამისი დასკვნით მიმართოს უმაღლეს საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ვიდრე იურიდიული კომისია დასკვნას არ დადებს, პოზიციას ვერ გეტყვით“, – ამბობს დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მისი თქმით, კომისია ილია ვერძაძის შემთხვევას უკვე განიხილავს.

ილია ვერძაძე უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარეცაა და მას დეკემბრის თვეში უმაღლეს საბჭოში ხელფასის სახით ჯამში 5170 ლარი აქვს აღებული. რაც შეეხება ილია ვერძაძის, როგორც პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის ხელფასს, ამასთან დაკავშირებით ის ამბობს: „ახლა ვერ გეტყვით, დეკლარაციას როცა შევავსებ, მაშინ ნახავთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: